ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

„ნაპოლიში“ კვარას დატოვებით კონტემ დიდი შეცდომა დაუშვა - იტალიელი ჟურნალისტი

SportItalia-ს ჟურნალისტმა მიკელე კრიშიტიელომ სატრანსფერო ბაზარზე „ნაპოლის“ ქმედებები შეაფასა. მისი განცხადებით, „პართენოპეიმ“ ჯერჯერობით ვერ დააკმაყოფილა ის მოლოდინი, რომელიც წარუმატებელი სეზონის შემდეგ მის გულშემატკივრებს ტრანსფერებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

კერძოდ, კრიშიტიელო მიიჩნევს, რომ „ნაპოლის“ არ უნდა დაეტოვებინა გუნდში კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. მისი განცხადებით, კვარა ვერ შეძლებს მიმდინარე სეზონში განსაკუთრებული როლის შესრულებას, ამიტომ კლუბს მასთან დაკავშირებით არსებული შეთავაზებები უნდა განეხილა.

რა თქვა კრიშიტიელომ კვარაზე:

„ანტონიო კონტემ დიდი შეცდომა დაუშვა. მას უნდა მოეთხოვა დე ლაურენტისისგან საკადრო წმენდის ჩატარება, ამის ნაცვლად კი მან დი ლორენცოს და კვარაცხელიას შენარჩუნება პრინციპის საკითხად აქცია. თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა და კლუბთან ურთიერთობა გაფუჭებულია, ძველებურად საქმე ვეღარ წავა. ასეთი ფეხბურთელები უნდა გაუშვა.

კონტემ ეს ფეხბურთელები დაიტოვა, მაგრამ რა უნდა მოუხერხოს მან ამდენ უკმაყოფილო მოთამაშეს? „ნაპოლიში“ ფეხბურთელებს ჯერ კიდევ საჩემპიონო სეზონის მიხედვით აფასებენ, ეს წელი კი აღარ განმეორდება. გასულ სეზონში ამ ფეხბურთელებმა თავიანთი რეალური დონე აჩვენეს. კონტეს 6-7 ფეხბურთელის, მათ შორის მერეტის, დი ლორენცოს, კვარას, ოსიმენის და სხვების გაყიდვა უნდა მოეთხოვა, გუნდი კი მათ გარშემო აეგო, ვინც სრულად არის მზად ახალი თავგადასავლისთვის“.

10 აგვისტოს „ნაპოლიმ“ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი გამართა. იტალიის თასის 1/32 ფინალში „ნაპოლიმ“ სერია ბ-ს წარმომადგენელი „მოდენა“ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა, ძირითადი დრო კი 0:0 დასრულდა. სერია ა-ში პირველ მატჩს „ნაპოლი“ 18 აგვისტოს გამართავს - „პართენოპეის“ მეტოქე „ვერონა“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი სისტემა მათთვის მნიშვნელოვანი ევოლუციაა - კონტე კვარასა და პოლიტანოზე
ახალი სისტემა მათთვის მნიშვნელოვანი ევოლუციაა - კონტე კვარასა და პოლიტანოზე