მერაბი ომალის მწვრთნელზე: „ძალიან გაბრაზებული ვარ. ის არაკაცია“
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა და სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ნომერ პირველმა კონტენდერმა, მერაბ დვალიშვილმა MMA Fight on SBN-ზე პირდაპირი ჩართვის დროს შონ ომალის მწვრთნელთან არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
რა თქვა მერაბმა:
როგორც იქნა, საბოლოოდ მივიღე სატიტულო ბრძოლის უფლება. როდესაც ჰენრი სეხუდო დავამარცხე, UFC-იმ მითხრა, რომ საჩემპიონო ბრძოლა გარანტირებული არ მქონდა. ვცდილობდი, ყველაფერს ვაკეთებდი, სახალისო ვიდეოების გადაღება დავიწყე, რომელიც ომალის ეხებოდა და საბოლოოდ, ყველას ყურადღება მივიქციე. როდესაც პიოტრ იანი დავამარცხე, ყურადღება არავინ მომაქცია, UFC-იმ კი ტიტულზე მეექვსე ნომერი, ჩიტო ვერა აჩხუბა. ამაზე ძალიან ვდარდობდი და დეპრესიაშიც ვიყავი, მაგრამ ახლა უკვე კარგად ვარ. თავს კარგად ვგრძნობ, ქამრისთვის ვიბრძოლებ. როგორც ყოველთვის, ბევრს ვშრომობ და ბრძოლას მოუთმენლად ველი.
ჩვენს შორის დიალოგი მხოლოდ სოციალურ ქსელში იყო, შემდეგ კი რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, ერთი-ორჯერ ფეისოფიც გვქონდა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს შონი დამცინოდა, მეხუმრებოდა და მეუბნებოდა, თუ მქონია ოდესმე მთავარი ბრძოლა, ის სარკაზმული იყო. მე კი ვუპასუხე, რომ ერთი ბრძოლა უკვე მქონდა გამართული პიოტრ იანის წინააღმდეგ... ეს არ მოეწონა და შემდეგ მითხრა - „კეთილი იყოს შენი მობრძანება დიდ შოუში“.
მაგრამ ახლა პრობლემა მხოლოდ მის მწვრთნელთან მაქვს. ის ჩემს მიმართ საკმაოდ დიდ უპატივცემულობას იჩენდა და სიბინძურეებით გამოირჩეოდა. ნებისმიერი ნამდვილი და ღირსეული მწვრთნელი ასე არ უნდა იქცეოდეს. იგივე კალათბურთში, ან ფეხბურთში რომ გააკეთოთ, მაშინვე დისკვალიფიკაციას მოგცემენ, ახლა კი ამის პრევენცია მხოლოდ UFC-ის შეუძლია.
ახლა თავის პოდკასტზე ის სიმაღლისა და ცხვირის გამო დამცინის, მისი ზოგიერთი ფანი რაღაც ჩემზე რაღაც სისულელეებს იძახის. რეალური არაფერია. რაღაც ამბებს მიგონებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შონს არაერთხელ მოვუწოდე, რომ თავისი მწვრთნელი გაეჩუმებინა... ძალიან გავბრაზდი, როდესაც ეს ვიდეოები ვნახე. ვნახე, რა სისულელეებსაც იძახის და აკეთებს, როგორ სულელურადაც ლაპარაკობს. ბევრჯერ ვუთხარი, რომ მოკეტოს, მაგრამ ის ამას მაინც აგრძელებს.
ის არ არის ღირსეული მწვრთნელი და ღირსეული კაცი. ის არ არის მებრძოლი და გალიაში ვერასდროს შემხვდება. ის არასდროს იქნება UFC-ში და განსაკუთრებით ჩემს წონაში. არ ვაპირებ მასთან ჯიუ-ჯიცუს გამოყენებას. მას ქუჩაში ჩხუბი შევთავაზე, სულ ეს იყო. შონი ამბობდა რაღაც სასულეებს, მაგრამ ეს ბიჭი ჩემთვის სულელია. რას ლაპარაკობს? სად გაიზარდა? ვინ გაზარდა?..
დრამები არ მიყვარს. პროფესიონალი მებრძოლი ვარ და ვაპირებ, ყურადღება ამ ბრძოლაზე გავამახვილო. თუ ტიმი სადმე შემხვდება, რა თქმა უნდა, სახეზე შესაბამისად მოვეფერები. სულ ესაა, შონსაც იგივე ვუთხარი.
ტიმი დარტყმას იმსახურებს, მაგრამ ჯერ მე და შონ ომალი ვაპირებთ გალიაში, წესებით ჩხუბს. ოქტაგონზე დავდგებით და UFC-ის ქამრისთვის ვიბრძოლებთ. ტიმთან საუბარს კი არ ვაპირებ, რადგან ის ჩემს ყურადღებას არ იმსახურებს. ის მხოლოდ სახეში დარტყმას იმსახურებს.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილის უახლოესი მეგობრის, ალჯამეინ სტერლინგისა და შონ ომალის საჩემპიონო ჩხუბის დროს, ქართველი „მანქანა“ ალჯოს სეკუნდანტობას უწევდა, რა დროსაც შონ ომალის მწვრთნელმა მის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები გამოიყენა. სიტყვიერი დაპირისპირება შემდგომში სოციალურ ქსელშიც გავრცელდა და ტიმ უელჩი მერაბის მიმართ არაერთი პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ვიდეო გამოაქვეყნა. „მანქანას“ დღევანდელი რეაქციაც სწორედ ამას მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლა 16 სექტემბერს გაიმართება.