Crystalbet ეროვნული ლიგა | დილამ წყალტუბოში მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მე-20 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა. გათამაშების ლიდერი, გორის „დილა“ წყალტუბოში „სამგურალს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე ტაირელ ვაუტერლმა გაიტანა, რომელიც მოედანზე სულ რაღაც 3 წუთის შემოსული იყო და ფაქტობრივად პირველივე შეხებით შეძლო წყალტუბოელთა კარის აღება.
ამ გამარჯვებით, „დილამ“ ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. 20 ტურის შემდეგ, გორელები კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 43 ქულით პირველ ადგილზე არიან და უახლოეს მდევარ „იბერია 1999“-ს, რომელსაც მიმდინარე ტურში თავისი მატჩი ჯერ არ გაუმართავს, 5 ქულით უსწრებენ.
მე-20 ტურის ბოლო მატჩი 18 სექტემბერს გაიმართება, რომელშიც მე-3 ადგილოსანი ქუთაისის „ტორპედო“ მეორეადგილოსან „იბერიას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, იმის გამო, რომ „იბერია 1999“-ს უახლოეს დღეებში კონფერენს ლიგაზე „ბასაქშექირთან“ მატჩი ელის, გუნდების ერთობლივი გადაწყვეტილებით, შეხვედრა დღეის მაგივრად, 18 სექტემბერს გაიმართება.