ხვიჩა კვარაცხელია, ფედერიკო კიეზა
Aa
Aa

კიეზას კვარა ამჯობინეს - ნაპოლიში ჩაშლილი ტრანსფერის მიზეზი

მას შემდეგ რაც ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერი საბოლოოდ გამოირიცხა და ძალიან დიდი ალბათობით 23 წლის ქართველი შემტევი ტიპის ნახევარმცველი მომდევნო სეზონსაც „ნაპოლიში“ გაატარებს, ნეაპოლურ კლუბში ფედერიკო კიეზას გადაბარგებასთან დაკავშირებით აღარაფერი იწერება. სამაგიეროდ, იწერება იმაზე, თუ რა მიზეზის გამო არ შედგა „იუვენტუსის“ 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი სამხრეთულ გუნდში.

საქმე იმაში გახლავთ, რომ კიეზა ყოველწლიური ხელფასის სახით ნეაპოლური კლუბისგან 9 მილიონ ევროს ითხოვდა, მისთვის ამხელა თანხის გადახდას კი აურელიო დე ლაურენტისმა სრულიად ლოგიკურად, კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყება ამჯობინა. კიეზას სახელფასო მოთხოვნის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც მას ასეთ პირობებზე უარი „ბეშიქთაშმაც“ უთხრა. თუმცა, მოგვიანებით ფეხბურთელის აგენტმა ფადი რამადანმა განაცხადა, რომ ისინი  სტამბოლურ კლუბთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებდნენ და ახლა მხოლოდ „იუვენტუსის“ შეფებს ესაუბრებიან საიმისოდ, რათა ისინი 15 მილიონად კიეზას გაყიდვაზე დაითანხმონ.

ფედერიკო კიეზა „ბებერი სინიორას“ რიგებში 2020 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირზე გამართულ 131 შეხვედრაში თავი 32 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები