კურტუა: “ანჩელოტი ტაქტიკაზე ბევრს არასდროს საუბრობს“
რამდენიმე დღეში მადრიდის რეალი 2024/2025 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს. სამეფო კლუბი ატალანტას უეფა-ს სუპერ თასზე დაუპირისპირდება.
მატჩამდე კი ესპანურმა AS-მა ტიბო კურტუასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
კურტუა:
„გუნდში უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი ირიცხება, რომლებსაც ტიტულების მოგება სურთ. დარწმუნებული ვარ, ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ყველაფერი კარგად მიდის, კარგ ფორმაში ვარ და მომავალი სეზონისთვის ვემზადები. გასული სეზონის ბოლო თვე ჩემთვის ფანტასტიკური იყო. მძიმე ტრავმის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშე. ეს დაუვიწყარი დღეა. იმედი მაქვს, ყველაფერი ასე გაგრძელდება.
რეალის ბევრი ფეხბურთელი ევრო 2024-ის და კოპა ამერიკის დასკვნით ფაზაში თამაშობდნენ და გვიან შემოგვიერთდნენ, თუმცა მათ იციან როგორ ვმუშაობთ აქ. ატალანტა კარგი გუნდია. ისინი მოედნის ყველა მონაკვეთში ზეწოლას ახდენენ. მათ წინააღმდეგ რამდენიმე წლის წინ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშეთ და საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოვიდა. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი გამარჯვებაა.
კარლო ანჩელოტი შესანიშნავი ადამიანი, პერსონაჟი და მწვრთნელია. ის სწორ ბალანსს ამყარებს სასურველ ტაქტიკასა და თავისუფლების მინიჭებას შორის. ანჩელოტი ტაქტიკაზე ბევრს არასდროს საუბრობს. ის ბევრ თავისუფლებას აძლევს ვინისიუსს, როდრიგოს, მოდრიჩს.. კარლოს მათი ბუნებრივი ნიჭი სჭირდება. უამრავი ტაქტიკური ჩანაფიქრებით მათი გადატვირთვა არ შეიძლება. მადრიდის რეალში საოცარი გარემოა. ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ ბევრსაც ვიცინით. ეს ყველაფერი ანჩელოტის დამსახურებაა. ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.“
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი მადრიდის რეალში მეორედ მუშაობს და მან ბლანკოსს 3 ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. იტალიელ სპეციალისტს შესანიშნავი შანსი აქვს, რომ კიდევ ერთი უეფა-ს სუპერ თასი მოიგოს. მადრიდის სამეფო კლუბისა და ატალანტას მატჩი 14 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.