იოკიჩი ბრინჯაოს მედლის მფლობელია - სერბეთმა გერმანიას მოუგო
ოლიმპიადაზე, კალათბურთში მესამე ადგილისთვის სერბეთი გერმანიას დაუპირისპირდა და 93:83 დაამარცხა.
სერბეთმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა და 9 ქულის სხვაობით გაიმარჯვა(30:21). პირველი ტაიმის შემდეგ კი სერბეთი 8 ქულით იგებდა.
ამის შემდეგ თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. გერმანია სხვაობის შემცირებას ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა და საბოლოოდ დამარცხდა.
რა თქმა უნდა, ყველაზე გამორჩეული ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა.
დენვერის სუპერვარსკვლავმა არასრულ 38 წუთში 19 ქულა, 12 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. იოკიჩი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. შეგახსენებთ, რომ სერბეთი ნახევარფინალში ამერიკის შეერთებულ შტატებთან დამარცხდა.