იტალიური მედია: “ხვიჩას ვეტო პირადად კონტემ დაადო“
როგორც მოგეხსენებათ, ნაპოლის ვიქტორ ოსიმენის გაყიდვა უჭირს და ეს გარკვეულწილად აურელიო დე ლაურენტისის ბრალია.
გასულ სეზონში, პრეზიდენტმა ნიგერიელ ფეხბურთელს ხელფასი მოუმატა და კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ამის შემდეგ კი მისი სატრანსფერო ღირებულებაც გაზარდა. დე ლაურენტისს ოსიმენის სანაცვლოდ 130 მილიონი ევროს აღება სურს. ამ თანხის გადახდა კი არავის სურს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ნეაპოლური გამოცემა AreaNapoli წერს:
„დე ლაურენტისი საკუთარ შეცდომებს ნანობს. სწორედ მისი ბრალია, რომ აქამდე ოსიმენი ვერ გაიყიდა. მისი ყიდვა მხოლოდ პარი სენ ჟერმენს სურს, თუმცა ფრანგები 130 მილიონს არ გადაიხდიან.
ნასერ ალ-ხელაიფს 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ ვიქტორ ოსიმენის და ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვა ერთად სურდა. ეს სულ სხვა საკითხია, რადგან ქართველ ფეხბურთელს ვედო პირადად ანტონიო კონტემ დაადო. საბოლოო ჯამში, დე ლაურენტისმა დიდი ფულის მიღების შანსი დაკარგა.“
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია. მისი ინსპირაციის წყარო დიდიე დროგბა იყო და ნიგერიელს სწორედ ლონდონურ კლუბში სურს თამაში, მაგრამ მისი შეძენა არცერთ პრემიერ ლიგის გუნდს არ სურს.