ჩხეიძე მედლის გარეშე დარჩა
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ირაკლი ჩხეიძემ გამოსვლა სამწუხაროდ, მედლის გარეშე დაასრულა. 25 წლის ქართველმა ძალოსანმა, რომელიც 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, პირველ დისციპლინაში უმაღლეს დონეზე იასპარეზა, მეორეში კი საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა, რაშიც მნიშვნლოვანწილად ხელი მუხლის ტრავმამ შეუშალა.
ატაცში პირველ მისვლაზე ჩხეიძემ 171-კილოგრამიანი შტანგა აიტაცა, ფიცარნაგზე მეორედ გასულმა ხუთი კილოგრამით მეტი დაძლია, მესამე და უკანასკნელ ცდაზე კი 179 კილოგრამი დააფიქსირა და მეორე დისციპლინის შეჯიბრების დაწყებამდე მეშვიდე პოზიციას იკავებდა, რაც მედლის მოპოვების საკმაოდ სოლიდურ შანსს უნარჩუნებდა.
თუმცა, ირაკლიმ აკვრაში მხოლოდ მეორე მისვლაზე დაძლია 214 კილოგრამი, პირველი და მესამე მცდელობა კი გაუფუჭდა და საბოლოოდ ოლიმპიადა მეხუთე ადგილზე დაასრულა.
დღეს, გვიან ღამით, ფიცარნაგზე ქართული და მსოფლიო სპორტის ლეგენდა, როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის შვიდგზის ჩემპიონი და ორი ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა ტალახაძე გავა, რომელიც ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვებას ზედიზედ მესამედ შეეცდება.