ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე, ლაშა ბექაური
Aa
Aa

ვარლამ ლიპარტელიანი: „ილია ფენომენია და გზა დავუთმე“

აქტიურ სპორტში ყოფნის დროს ვარლამ ლიპარტელიანს ბევრი „ძიუდოს პროფესორსაც“ ეძახდა, რადგან ის მუდამ ჭკვიანური ჭიდაობით გამოირჩეოდა და ამაზე მისი შთამბეჭდავი კარიერაც მეტყველებს. ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა რამდენიმე თვის წინ დაასრულა და ის ძიუდოდან თბილისის გრანდ სლემის მიმდინარეობისას, საზეიმოდ გააცილეს. ლიპომ ბუნებრივია აქტიურად მიადევნა თვალი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა და მისი აზრი ყოველთვის საინტერესოა. Crystalsport-თან ინტერვიუში 35 წლის ვეტერანმა სპორტსმენმა ყოფილი თანაგუნდელების ასპარეზობა საინტერესოდ შეაფასა და ილია სულამანიძის მიმართ, რომელიც მის წონაში გამოდიოდა, კომპლიმენტები არ დაიშურა.

რას ამბობს ლიპარტელიანი

ლაშა ბექაურმა მისი ასაკიდან გამომდინარე, უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. მას გამოარჩევს ჭიდაობის განსაკუთრებული სტილი და მეტოქებმა არასოდეს იციან როდის რა ილეთს გააკეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და არასოდეს ზარმაცი არ ყოფილა, მაინც მგონია, რომ ბექაურის წარმატებაში 70 პროცენტი მის მებრძოლ ხასიათს მიუძღვის და 30 - შრომას. ამის თქმის საფუძველს წინა ოლიმპიადა მაძლევს, სადაც მასთან ერთად ვიყავი - წარმოიდგინეთ, ტრავმის გამო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე 40 დღე არ უვარჯიშია და თავისი შეუპოვრობითა და განწყობით მაინც ყველას აჯობა.

ილია სულამანიძეზე რისი თქმა შემიძლია? ის ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგა და სიმართლე გითხრათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩემი კარიერის დასრულებისა სწორედ ის იყო - კარგად ვამჩნევდი საოცარ ნიჭს და მინდოდა მისთვის გზა დამეთმო.

ზედმეტ ემოციურ ფონს დავაბრალებდი ტატო გრიგალაშვილის მარცხს ფინალში - ის საოცარი სპორტსმენი და ღირსეული ადამიანია, მაგრამ შეიძლება ამ ფონს ბოლომდე ვერ გაუძლო. ფენომენალური შედეგები აქვს - მსოფლიოსა და ევროპის სამ-სამგზის ჩემპიონისგან ყველა უპირობოდ ოლიმპიურ ოქროს ელოდა, მაგრამ ესეც იქნება და ტატოს ყველაფერი წინ აქვს.

ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის სამგზის ჩემპიონი და რიო დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, ამ ტურნირზე მას სამი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები