როისი ამერიკაში წავიდა
დორტმუნდის „ბორუსიას“ ლეგენდა მარკო როისი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა და „ლოს-ანჯელეს გალაქსისთან“ აბსოლუტურად ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უახლოეს საათებში ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. რა პრივილეგიებით ისარგებლებს და რამდენი იქნება მისი ყოველწლიური ხელფასი, ჯერჯერობით უცნობია.
35 წლის როისი გასულ სეზონში ძალიან ახლოს იყო მთავარი ოცნების ახდენასთან და „ბორუსიასთან“ ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან, მაგრამ ლონდონში გამართულ ფინალში ის და მისი თანაგუნდელები ტურნირის რეკორდსმენ მადრიდის „რეალთან“ დამარცხდნენ. გასულ წელს ყველა ტურნირზე გამართულ 42 შეხვედრაში ვეტერანმა გერმანელმა ნახევარმცველმა თავი 9 გოლითა და 12 საგოლე პასით გამოიჩინა.
როისი „ყვითლების“ ღირსებას 2012 წლიდან იცავდა და ამ ხნის განმავლობაში 2-ჯერ გერმანიის თასი, 3-ჯერ კი გერმანიის სუპერ თასი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ის ორჯერ ახლოს იყო ბუნდესლიგაში გამარჯვებასთან, მაგრამ ვესტფალიელებმა „ვერცხლის სინი“ ორივე შემთხვევაში ხელიდან ბოლო ტურში გაუშვეს. 12 წლის განმავლობაში ნათამაშებ 428 შეხვედრაში როისმა 170 ბურთი გაიტანა და თანაგუნდელებს ასისტენტობა 131 შემთხვევაში გაუწია.