ბრწყინვალე გამოსვლა | გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალშია
გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ფალავანი ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდა და 7:0 იმარჯვა.
გენომ კარგად დაიწყო და პირველი ქულები აიღო. მეშვილდიშვილმა ილეთის განხორციელება სცადა, პეტრიაშვილმა კი კონტრშეტევა წამოიწყო და პირველი სამწუთიანი მონაკვეთი 2:0 მოიგო. მეორე მონაკვეთში, ქართველმა ფალავანმა მეტოქეს შანსი უბრალოდ არ დაუტოვა და ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.
როგორც მოგეხსენებათ, პეტრიაშვილმა პირველი შეხვედრა უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ბრწყინვალე სტილში, 11:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში, გენომ პოლონელი ბარანის ბარიერი დაძლა და 9:2 მოიგო.
ცნობისთვის, ფინალში პეტრიაშვილის მეტოქე ამირ ჰოსეინ ზარე იქნება. ირანელმა ფალავანმა ნახევარფინალში ტაჰა აკგულს უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში სძლია. ზარემ 2:1 იმარჯვა და ფინალში პეტრიაშვილს დაუპირისპირდება.