შავი ლომი
Aa
Aa

ზედიზედ მეოთხე ჩემპიონობისთვის - შავი ლომი სუპერ თასზე სექტემბრიდან ჩაერთვება

რაგბი ევროპის სუპერ თასის 2024-2025 წლების სეზონის კალენდარი დღეს ოფიციალურად გაირკვა და დადგინდა ამ გათამაშების ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონის, „შავი ლომის“ ყველა მეტოქე. ქართული პროფესიული ფრენჩაიზი A ჯგუფში გამოვა, სადაც მისი მოწინააღმდეგე პორტუგალიის „ლუზიტანუში“ და ესპანეთის „იბერიანსი“ იქნება. ამავე ჯგუფში უნდა ყოფილიყო „თელ-ავივ ჰიტი“, თუმცა ისრაელის გუნდი წელს ამ შეჯიბრებაზე ვერ ითამაშებს.

ტურნირი სტარტს 7 სექტემბერს აიღებს, თუმცა „შავი ლომი“ პირველ ტურში ისვენებს და შეჯიბრებას 15 სექტემბერს ბურგოსში ესპანელებთან თამაშით დაიწყებს, რასაც ექვს დღეში ლისაბონში პორტუგალიელებთან შერკინება მოჰყვება. 12 ოქტომბერს კი „ლუზიტანუშს“ ქართველი მორაგბეები ავჭალის სტადიონზე უმასპინძლებენ. ამავე ტურნირის B ჯგუფში რუმინეთის „ვულვზი“, ნიდერლანდების „დელტა“, ბელგიის „დევილსი“ და ჩეხეთის „ბოჰემია“ ითამაშებენ.

სუპერ თასის დასრულების შემდეგ, „შავი ლომი“ დეკემბრიდან ჩელენჯ თასში ჩაერთვება, სადაც ტურნირის საწყის ეტაპზე ურთიერთობას საფრანგეთის გუნდებთან „ვანთან“ და „ბაიონთან“, ასევე უელსის „სკარლეტსთან“ და შოტლანდიის „ედინბურგთან“ გაარკვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები