რინერი მომდევნო ოლიმპიადაზეც იქნება
პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა ტედი რინერმა განაცხადა, რომ ძალიან დიდი ალბათობით უდიდესი სპორტული მოვლენის შემდეგ კარიერას დაასრულებდა, რის გამოც ძალიან უნდოდა აქტიური სპორტიდან კიდევ ერთი ოლიმპიური ოქროს მოგებით წასულიყო. რინერმა მიზანს მიაღწია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე კიდევ ერთხელ ავიდა, თუმცა როგორც ჩანს არსად წასვლას არ აპირებს.
ძიუდოს ტურნირის დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთ სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონმა აღნიშნა, რომ ახლა მის ტვინში მხოლოდ ერთი ქალაქი ლოს-ანჯელესი ტრიალებს და ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ მომდევნო ოლიმპიური თამაშებისთვის მაქსიმალურად მაღალ დონეზე მოემზადოს. 35 წლის რინერს კარიერის მანძილზე 11-ჯერ მსოფლიოს და 4-ჯერ ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული.
შეგახსენებთ, რომ მის სამშობლოში ჩატარებული ტურნირის მეოთხედფინალში რინერმა გურამ თუშიშვილი დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სპორტსმენებმა ემოციები ვერ მოთოკეს და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუმცა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მხოლოდ ქართველი დასაჯა და მისი ეგიდით ჩატარებული აბსოლუტურად ყველა ტურნირებიდან დროებით მოკვეთა.