9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე - გოგონათა კრივის უპრეცედენტო წარმატება
ბოსნიის ქალაქ ბანია ლუკაში მიმდინარე ევროპის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენები წარმატებულად ასპარეზობენ. ვაჟებს შორის ჩვენ ქვეყანას ამ ტურნირზე გარკვეული წარმატებები წინა წლებშიც ჰქონდა, წლევანდელ შეჯიბრებაზე კი მედლები გოგონებმაც მოიპოვეს, ერთ მათგანს კი ჩემპიონობის შანსიც აქვს.
გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარიამ ნაკანმა აჩვენა, რომელიც შეჯიბრებაში მეოთხედფინალური ეტაპიდან ჩაერთო და ჯერ უნგრელ ლაურა დორკოს, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანელ კამალა ჰასანოვას აჯობა. გოგონების ნაკრებს კიდევ ოთხი მედალი ბარბარე ჭოჭუამ (36 კგ), ელენე ქარჩავამ (46 კგ), ანასტასია ჩოკორაიამ (54 კგ) და ლიზა ლობჟანიძემ (64 კგ) მოუტანეს, რომლებიც ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
რაც შეეხება ვაჟთა ტურნირს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში არიან გასულები ნიკოლოზ ხიზანიშვილი (46 კგ) და გორ კაზარიანი (66 კგ), რომლებიც ხვალ შესაბამისად, რუს რუსლან ავეტისიანსა და თურქ ჰაკან ჩან კარაკოჩს დაუპირისპირდებიან. ხიზანიშვილმა ფინალამდე პოლონელი ბრაჟან ჩარნეცკი, მონტენეგროელი ანდრია ნიკიტოვიჩი და ბულგარელი კრისტიან განჩევი დაამარცხა. კაზარიანმა კი რუს ნონიკ პოღოსიანს, მოლდოველ პაველ რადუკანუსა და სომეხ ნარეკ კირაკოსიანს მოუგო. ნაკრების კიდევ ორი წევრი მირიან ვოლოშინი (50 კგ) და თემურ პავლიაშვილი (57 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.