გუარდიოლა ალვარესზე: „თუ გჯერა, რომ ბედნიერება სხვაგან არის, უნდა წახვიდე“
„მანჩესტერ სიტის“ თავკაცმა პეპ გუარდიოლამ ხულიან ალვარესის გუნდიდან წასვლა დაადასტურა. ხვალ „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის სუპერთასზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდება.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუარდიოლამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და სხვა საკითხებთან ერთად ალვარესის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, „სიტისა“ და „ატლეტიკოს“ შორის შეთანხმება მიღწეულია და ალვარესი „როხიბლანკოს“ შეუერთდება.
რა თქვა გუარდიოლამ:
„არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ალვარესმა წასვლა. მესმის, რომ ახალი გამოწვევა სურდა. ჩათვალა, რომ ეს სჭირდებოდა. ვიცი, რომ ზოგიერთ მნიშვნელოვან მომენტში მას მოედანზე ყოფნა სურდა, და ამას პატივს ვცემ. კონტრაქტის გაწყვეტა ყოველთვის შესაძლებელია - თუ აქ ბედნიერი არ ხარ, რატომ უნდა დარჩე? თუ გჯერა, რომ ბედნიერება სხვაგან არის, უნდა წახვიდე და ნახო. ალვარესს სჯერა, რომ მისი ისტორია აქ დასრულებულია. „ატლეტიკო“ ტოპ კლუბია, ამიტომ ხულიანს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ის ძალიან მიყვარს, ერთად ყველაფერი მოვიგეთ“.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის „ატლეტიკო“ ხულიან ალვარესის სანაცვლოდ „სიტის“ დაახლოებით 95 მილიონ ევროს გადაუხდის. არგენტინელი ფორვარდი „სიტიმ“ „რივერ პლეიტიდან“ 2022 წელს 15 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. „ქალაქელების“ რიგებში ალვარესმა 103 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და 6 ტიტული მოიგო.