უზნაძე: „ტატო და ილია ჩემპიონობას იმსახურებდნენ“
წარსულში ცნობილი ძიუდოისტი ირაკლი უზნაძე, რომელიც 2013 წლიდან 2016 წლამდე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა, ხოლო ამჟამად ანალოგიური თანამდებობა თურქეთის ნაკრებში უკავია, ქართველი ძიუდოისტების შესაძლებლობებს გადასარევად იცნობს და თითოეული მათგანის გამოსვლაზე მისი აზრი ძალიან საინტერესოა. უზნაძეს თურქეთში დავუკავშირდით და Crystalsport-თან ინტერვიუში მან პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მან დეტალური ანალიზი გააკეთა.
რას ამბობს უზნაძე
თურქი ძიუდოისტების გამოსვლით კმაყოფილი ვერანაირად ვერ ვიქნები, რადგან მედლის გარეშე დავრჩით. არადა, ჩემმა ორმა შეგირდმა ბრინჯაოსთვის იჭიდავა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
გიორგი რევაზიშვილი, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ამ ტურნირისთვისაც მაქსიმალურად კარგად იყო მომზადებული, მაგრამ წინა ოლიმპიადის მსგავსად, იაპონელი მეტოქე მეორე წრეშივე შეგვხვდა. არ მიყვარს არბიტრებზე საუბარი, მაგრამ ჩემი აზრით, ნაგასეს გდება ვაზარად არ უნდა შეფასებულიყო და ობიექტური მსაჯობა რომ ყოფილიყო, გიორგი მასაც გასცდებოდა და შესაძლოა ფინალში ტატო გრიგალაშვილს სწორედ ის შეხვედროდა.
ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობას კი ცალსახად წარმატებულად მივიჩნევ - მერწმუნეთ, ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყნები ოცნებობენ, რომ ოლიმპიადაზე სამი ფინალისტი ჰყავდეთ.
ილია სულამანიძე ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგა და ისევე როგორც ტატო გრიგალაშვილი, ოლიმპიურ ოქროს ისიც იმსახურებდა. ფინალში მისი გდება უნდა შეფასებულიყო იპონით და არა ვაზარით. შიდოებზე კი არცკი ვიცი რა ვთქვა - თანამედროვე ძიუდო ცოტა გაუგებარი გახდა, რომელიც წესებს ნაკლებად ემორჩილება.
რაც შეეხება გრიგალაშვილი - ნაგასეს ფინალს, იაპონელი, რთულად დასამარცხებელი მოჭიდავეა, არ ღელავს, მიუდგომელია, მაგრამ გრიგალაშვილს ცოტა იღბალი რომ ჰქონოდა, აუცილებლად გაიმარჯვებდა.
უზნაძეს თურქეთის ძიუდოს ფედერაციასთან კონტრაქტი პარიზის ოლიმპიადის დასრულებისთანავე უმთავრდება და გააგრძელებს თუ არა ამ თანამდებობაზე მუშაობას, ნოემბერში გაირკვევა.