ანტონიმ ახსნა, რატომ ნიშნავს მისი ტრავმული ბავშვობა ბრაზილიაში იმას, რომ კრიტიკოსები, რომლებიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბის საფეხბურთო შესაძლებლობებს განიხილავენ, „ვერ დაწერენ მის ისტორიას“.
„წითელმა ეშმაკების“ ისტორიაში, ბრაზილიელი მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია პოლ პოგბას შემდეგ. მასში ინგლისურმა კლუბმა 2022 წელს, 82 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.
24 წლის მოთამაშე ძალიან იშვიათად იყო ახლოს იმ მიზანთან, რომ მასში გადახდილი თანხა გაემართლებინა: მან პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 54 მატჩში სულ 5 გოლი გაიტანა და 3 ასისტი შეასრულა.
გასული სეზონი ანტონიმ სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მან გამოტოვა აგრეთვე ინგლისის ასოციაციის თასის ფინალი მაისში, როდესაც „იუნაიტედმა“ „მანჩესტერ სიტი“ 2:1 დაამარცხა.
მორიგი მანჩესტერული დერბის წინ, რომელიც ხვალ გაიმართება, ანტონიმ ჟურნალისტებთან სან-პაულუს ფაველაში გატარებულ მძიმე ცხოვრებაზე გულახდილად ილაპარაკა.
რა თქვა ანტონიმ:
„ძალიან მიჭირს წარსულზე ლაპარაკი. შემთხვევით არ მაქვს ზურგზე ფაველას ტატუ, სადაც გავიზარდე და მე ყოველთვის ვთამაშობ ბუცებით, რომელსაც „ფაველა“ აწერია - ფაველა ყოველთვის ჩემთანაა“.
„არასდროს არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომ ჩემი ისტორია დაწეროს და არ მივცემ ხალხს ჩემი დამცირების უფლებას, რადგან მე ნამდვილავ ვიცი, რას ნიშნავს ფსკერზე ყოფნა“.
„იყო დრო, როდესაც არ მქონდა ბუცები, რომ ფეხბურთი მეთამაშა. არ მქონდა საკმარისი საჭმელი. მე არ მქონდა საძინებელი - ვიწექი მისაღებში დივანზე. ჩემი სახლი იტბორებოდა, როდესაც ძალიან წვიმდა“.
„მე ვხედავდი, თუ როგორ დაადგა სხვა გზას ბევრი ჩემი მეგობარი და ზოგიერთი მათგანი გარდაიცვალა. მე ვიცი, რა გზა გამოვიარე და ვიცი, რა გზა გამოიარეს მამაჩემმა, დედაჩემმა, ჩემმა ძმამ და დამ, ჩემთან ერთად“.
ფაველა - ეს არის ბრაზილიის ქალაქების მჭიდროდ დასახლებული უღარიბესი რაიონები, სადაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 6% ცხოვრობს.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ანტონი მდიდარია, რის წყალობითაც მან და მისმა ოჯახმა ფაველას თავი დააღწია, ფეხბურთელი ამბობს, რომ იქ ხშირად ბრუნდება, რადგან მისი ფესვები სწორედ იქიდანაა.
„ჩემი მშობლები, ძმა და და იქ აღარ ცხოვრობენ, მაგრამ როცა შვებულებაში ვარ, ყოველთვის ვცდილობ იქ ჩავიდე, თუნდაც ცოტა ხნით“.
„იქ ჩასვლა ენერგიის განახლებაში მეხმარება. მახსენებს, საიდან მოვედი და მახსენებს იმ ყველაფერს, რაც გამოვიარე აქ მოსახვედრად. მე ყოველთვის ემოციურად ვლაპარაკობ ფაველაზე, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ბევრი რამ ვისწავლე გაჭირვებაში - ჩვენ არ გვქონდა არაფერი, გარდა ღმერთის იმედისა და შეუპოვრობისა“.
„ბევრი ვერ ხვდება, საიდან მოვედით და რა გადავიტანეთ. მე ყოველთვის ფაველას წარმომადგენელი ვიქნები - ის ჩემთან იქნება ცხოვრების ბოლომდე“.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარებულ სეზონზე საუბრისას ანტონიმ თქვა, რომ მის ფორმაში ყოფნაზე გავლენა გამოძიებამ იქონია.
რა ხდება?
მიმდინარე წლის დასაწყისში, ბრაზილიელი ფეხბურთელი გამოძიების ფიგურანტი გახდა: სამმა ქალმა ის ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, თუმცა ანტონი არ დაუკავებიათ და მისთვის ბრალი არც ბრაზილიაში და არც ინგლისში არ წარუდგენიათ.
„ჩემი თავისგან ბევრს ვითხოვ და ცხადია, რომ ჩემი სეზონით კმაყოფილი არ ვარ. 1 წლის განმავლობაში ჩემს პირად ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა, ეს კი მოედანზე აისახა. მე ძლიერი მენტალიტეტი მაქვს და კონცენტრირებული ვარ იმაზე, რაც მინდა. ვიცი, რომ ეს სეზონი საერთოდ სხვანაირი იქნება“.