მინდა ყველა მატჩში ვითამაშო - შენგელია დელასს შეხვდა და მედიას ესაუბრა
ბერძნულმა ოფი-მ დაადასტურა, რომ მათ შემადგენლობაში ლევან შენგელია ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საბერძნეთში ჩაფრინდა და ადგილობრივ მედიას ესაუბრა.
ლევან შენგელია: „ბედნიერი ვარ, რომ ოფი-ში თამაშის შესაძლებლობა მექნება. უახლოეს საათებში სამედიცინო შემოწმებას გავივლი და კონტრაქტს გავაფორმებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ოფი-ს მაღალი მიზნები აქვს. ფლეი-ოფში გასვლა, მეხუთედან მერვე ადგილებს შორის მოხვედრა გვსურს. მინდა ყველა მატჩში ვითამაშო’’.
ოფი-ს მთავარი მწვრთნელი 2004 წლის ევროპის ჩემპიონი ტრაიანოს დელასია. ფოტოზე ლევანი დელასთან ერთადაა.
28 წლის ქართველ შემტევს საბერძნეთში თამაშის გამოცდილება აქვს, გასული ორი სეზონი პანეტოლიკოსში გაატარა, 56 თამაშში 5 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.
CrystalSport-ის ცნობით, ლევან შენგელიას მისთვის სასურველი გუნდის პოვნა გაუჭირდა. წინადადებებიდან, რომლებიც მიიღო, ოფი საუკეთესო ვარიანტი იყო. იმ ფაქტმა, რომ ევრო 2024-ზე ერთი წუთიც არ უთამაშია, ვილი სანიოლმა შანსი არ მისცა, გუნდის პოვნა გაუძნელა. ევროპის ჩემპიონატზე თუნდაც ნახევარი საათი რომ ეთამაშა, შესაძლოა გაცილებით უკეთეს გუნდში გადასულიყო. შენგელიას კონკურენტმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც რეალურად საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი იყო, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერა ესპანურ „გრანადაში’’ გააგრძელა.