ლებრონის რეკორდი - ისტორიაში პირველია ვინც ეს ორჯერ შეძლო
პარიზში მიმდინარე ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ. დრამატული და ისტორიული მატჩი ვიხილეთ ამერიკასა და სერბეთს შორის, სადაც გამარჯვებული ბოლო წუთებზე გამოვლინდა და ამერიკელებმა 95:91 მოიგეს.
ისტორიული შეხვედრა ჰქონდა 39 წლის ლებრონ ჯეიმსს, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 16 ქულა, 12 მოხსნა და 10 გადაცემა. ეს იყო ოლიმპიური თამაშების ისტორიაში მე-4 სამმაგი დუბლი, თავად ლებრონისთვის კი მეორე შემთხვევა გახლდათ. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ლებრონმა ავსტრალიასთან მატჩში 11 ქულა, 14 მოხსნა და 12 პასი მიითვალა.
ჯეიმსი გახდა ერთადერთი მოთამაშე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, რომელმაც სამმაგი დუბლი ორჯერ შეასრულა.
ლებრონის გარდა სამმაგის დაფიქსირება მხოლოდ ალექსანდრ ბელოვმა (23 ქულა, 14 მოხსნა, 10 პასი სსრკ-ს მატჩი კანადასთან 1976 წელს) და ლუკა დონჩიჩმა (16 ქულა, 10 მოხსნა, 18 პასი 2021 წელს სლოვენია საფრანგეთის შეხვედრა) შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკა ფინალში ოლიმპიადის მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 10 აგვისტოს (23:30) გაიმართება.