Anfield Index მამარდაზე: ალისონის შემცვლელი 30 მილიონად? ჩვენ ის ძალიან მოგვწონს
საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ შესაძლო ტრანსფერზე Anfield Index Transfer Podcast-ში ჟურნალისტმა ტრევ დაუნიმ და ექსპერტმა დეივ დევისმა ისაუბრეს.
სხვა სატრანსფერო სიახლეების განხილვასთან ერთად, საუბრის ერთ-ერთი თემა „წითლების“ პირველი ნომრის, ალისონ ბეკერის საუდის არაბეთში გადასვლა და მის ნაცვლად „ენფილდზე“ გიორგი მამარდაშვილის გადაბირება იყო.
დეივ დევისის თქმით, მამარდას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციას საკმაოდ რეალურია, ვინაიდან ქართველი მეკარისადმი „ლივერპულის“ სერიოზულ ინტერესს რამდენიმე წყარო ადასტურებს.
დეივ დევისი:
„ვალენსიაში“ მამარდაშვილის მაჩვენებლები ჩვენ ძალიან მოგვწონს. რაც შეეხება ალისონს, მას კლუბის ხელმძღვანელობასთან მაისში ჰქონდა საუბარი. მას არ უთქვამს, რომ „ლივერპულის“ დატოვება სურს, თუმცა აღნიშნა, რომ კლუბში არნე სლოტის მოსვლის ფონზე გარკვეული კითხვები აქვს.
თავის მხრივ, ტრევ დაუნიმ განაცხადა, რომ ალისონს სურდა, იურგენ კლოპის წასვლის მიუხედავად, მეკარეების მწვრთნელი ჯონ ატერბერგი კლუბში დარჩენილიყო, თუმცა ის წავიდა.
მისივე თქმით, სამწვრთნელო შტაბში განხორციელებული ამ ცვლილების გამო ალისონმა შესაძლოა კლუბის დატოვება გადაწყვიტოს.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ 2021 წლის აგვისტოში შეუერთდა და გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე გამართულ 100 შეხვედრაში 112 გოლი გაუშვა, საკუთარი კარი კი მშრალად 31 მატჩში შეინახა. ზაფხულში „ღამურებმა“ „რაიოდან“ სტოლე დიმიტრიევსკი დაიმატეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში ვალენსიური კლუბი მამარდას დაემშვიდობება.