კარის 36 ქულა, ლებრონის სამმაგი დუბლი | აშშ-მა სერბეთი ბოლო მეოთხედში გატეხა
პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში, აშშ-ს საკალათბურთო ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდა. ნიკოლა იოკიჩის გუნდმა ტურნირის მთავარ ფავორიტს უდიდესი ბრძოლა გაუმართა და სენსაციასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მეოთხედში გატყდა.
სერბეთმა ბრწყინვალედ დაიწყო და პირველი პერიოდი 31:23 მოიგო, დიდ შესვენებაზე კი 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 54:43. მესამე მეოთხედში, აშშ-მ ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ სერბეთი გაიქცა და გადამწყვეტ მეოთხედს 13-ქულიანი ფორით შეხვდა.
მეოთხე მეოთხედში, აშშ-ს ნაკრები ფენომენალური იყო. სტეფ კარის, ლებრონ ჯეიმსის, კევინ დურანტისა და ჯოელ ემბიდის საოცარი თამაშის წყალობით, აშშ-მ ბოლო პერიოდი 32:15 მოიგო და საბოლოოდ, 95:91 იმარჯვა.
CHEF CURRY COOKED ????????
— NBA on ESPN (@ESPNNBA) August 8, 2024
Steph Curry's 36 points are the second most in a game by a USA men's player at the Olympics all-time ???? pic.twitter.com/XB3zbsiLpd
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სტეფ კარი გახდა, რომელმაც მატჩი 36 ქულით, 8 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. სტეფმა 14-დან 9 სამქულიანი ჩააგდო და 1 ჩაჭრა ჰქონდა. ბრწყინვალე იყო ჯეიმსი, რომელმაც სამმაგი დუბლი გააკეთა და ისტორია დაწერა - 16 ქულა, 12 მოხსნა, 10 ასისტი. „მეფე“ მესამე კალათბურთელია, რომელმაც ოლიმპიადაზე ტრიპლ დაბლი გაიფორმა და ერთადერთია, ვინც ეს ორჯერ გააკეთა - 2012 და 2024 წლებში.
STEPH CURRY LEADS TEAM USA TO A HUGE COMEBACK WIN OVER SERBIA ????
— ESPN (@espn) August 8, 2024
USA advances to the gold medal game against France ???? pic.twitter.com/RUEPt2YGVM
შესანიშნავი იყო ჯოელ ემბიდი, რომელმაც 19 ქულა დააგროვა, კევინ დურანტის ანგარიშზე კი 9 ქულაა. სერბეთის მხრიდან 20 ქულით ბოგდან ბოგდანოვიჩი გამოირჩა. ნიკოლა იოკიჩმა 17 ქულა, 11 ასისტი და 5 მოხსნა გააკეთა, ალექსა ავრამოვიჩმა კი მატჩი 15 ქულით დაასრულა.
ცნობისთვის, ფინალში აშშ საფრანგეთს დაუპირისპირდება. სერბეთი კი ბრინჯაოს მედლისთვის გერმანიასთან იბრძოლებს.