„ყველაფერი მოვიგეთ, მაგრამ“ | რონალდუ პეპეს კარიერის დასრულებას გამოეხმაურა
პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა, პეპემ კარიერა დაასრულა. 41 წლის მცველმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც მისი თანაგუნდელი, კრიშტიანუ რონალდუ გამოეხმაურა. რონალდუმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და პეპეს მიმართა.
„სიტყვები არ მყოფნის, რათა გამოვხატო, ჩემთვის რამდენს ნიშნავ, მეგობარო. მინდორზე ყველაფერი მოვიგეთ, რისი მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ მთავარი მიღწევა ჩვენი მეგობრობა და პატივისცემაა, რომელიც შენ მიმართ მაქვს. უნიკალური ხარ, მადლობა!“.
პეპეს ბოლო კლუბი „პორტუ“ იყო, სადაც ის 2019 წელს დაბრუნდა. პეპე კარიერის განმავლობაში ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორიცაა „მარიტიმო“, მადრიდის „რეალი“ და „ბეშიქთაში“.
„პორტუს“ შემადგენლობაში პეპე 4-ჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი, 5-ჯერ მოიგო პორტუგალიის თასი, 3-ჯერ კი სუპერთასი. მადრიდის „რეალში" მან 3-ჯერ ლა ლიგა, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის თასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
პეპემ პორტუგალიის ნაკრებში 141 მატჩი ჩაატარა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ასევე 2018/19 წლების ერთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.