კონფერენს ლიგა: იბერია 1999 ბასაქშეჰირთან დამარცხდა
კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „იბერია 1999“ „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე თურქულ „ბასაქშეჰირს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის დაწყებამდე ქომაგების წინაშე 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ოქროს მედლებთან ერთად წარდგა.
პირველ ტაიმში ბურთის ფლობა და მცირე უპირატესობა სტუმრების მხარეს იყო. „იბერია“ ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშობდა. რეალურ მომენტამდე საქმე არ მისულა და გუნდები შესვენებაზე 0:0-ით გავიდნენ.
მეორე ტაიმში ლევან კორღალიძის გუნდმა თამაში ცოტათი გამოასწორა და უფრო აგრესიულად უტევდა, მაგრამ მომენტები მაინც არ იქმნებოდა.
83-ე წუთზე მამაცაშვილის დარტყმის შემდეგ საგოლე მომენტი შეიქმნა, დამატებაზე კი სილას ცოტა დააკლდა, რომ გაეტანა.
87-ე წუთზე „იბერიამ“ დაცვაში უხეში შეცდომა დაუშვა, კონკრეტულად კი კაპანაძე, რომელმაც არასწორი ნაბიჯი გადადგა, მეტოქემ მოძრაობაზე დაიჭირა და ერთი-ერთზე გატანა აღარ გასჭირვებია.
განმეორებითი შეხვედრა თურქეთში ერთი კვირის შემდეგ გაიმართება და „იბერიას“ სტუმრად გაცილებით რთული მატჩი ელის.