დილას დირექტორი: „გუნდი არ დასუსტებულა, ბუღრიძესაც ვიმატებთ“
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის პირველი წრე „დილამ“ ლიდერის რანგში დაასრულა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ გორის კლუბი ჯერ პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა რუი მოტამ, ხოლო შემდეგ კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ დატოვა, რის შემდეგაც ბევრი თვლის, რომ გორელებს არათუ პირველი ადგილის შენარჩუნება, არამედ ევროზონაში მოხვედრაც გაუჭირდება, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება „დილას“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯოხაძე, რომელმაც Crystalsport-თან ინტერვიუში გუნდში მიმდინარე პროცესებზე დეტალურად ისაუბრა
გიორგი ჯოხაძე:
„მეორე წრე კარგად არ დაგვიწყია და „გაგრასთან“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ქულები დავკარგეთ, თუმცა პირადად მე ამას რუი მოტას და გაგნიძის წასვლაზე უფრო მეტად, მაყურებლის გარეშე თამაშს ვაბრალებ. თორემ, რუი მოტაც გვყავდა და გაგნიძეც პირველი წრის ბოლო ტურში „კოლხეთთან“, თუმცა ქომაგების მუხტის გარეშე ფეხბურთელებს გაუჭირდათ და ვერ მოიგეს“.
„მოტას წასვლის მიზეზებზე უკვე ვთქვი, რომ მას სომხეთში მაღალი ხელფასი შესთავაზეს და წავიდა. რაც შეეხება გაგნიძეს, ჩვენ არც მისი გაშვება გვსურდა, თუმცა „კოლოსმა“ კონტრაქტში ჩადებული პუნქტი ბოლომდე შეასრულა და რაც იყო ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, სრულად გადაიხადა, რის შემდეგაც ჩვენ ნიკას ვეღარ დავაბრკოლებდით“.
„არ ვფიქრობ, რომ კლუბი დასუსტდა, რადგან ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანსისკუ კაშტრო საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტია, რომელსაც თავისი ტაქტიკის გასატარებლად და გუნდზე მოსარგებად გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდება“.
„გაძლიერებას ვგეგმავთ და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბევრი სიახლეც იქნება. სინჯებზეა რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელი, ირაკლი ბუღრიძესთან კი შეთანხმება მიღწეულია და მას მალე დავიმატებთ“.
19 ტურის შემდეგ „დილა“ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგას 40 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისის „ტორპედოს“ 2 ქულით უსწრებს. მომდევნო, მე-20 ტურში, 11 აგვისტოს, გორელები წყალტუბოში ადგილობრივ „სამგურალს“ დაუპირისპირდებიან