ბარსა არ ნებდება - ლაპორტამ ნიკოს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა
ნიკო უილიამსმა „ბილბაოსთან“ ერთად ვარჯიში განაახლა, „ლომების“ გულშემატკივრებისთვის კი სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერა, თუმცა „ბარსელონა“ მის ტრანსფერზე მუშაობას არ წყვეტს.
ესპანური გამოცემა Sport-ის ცნობით, „ბარსას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გადაწყვიტა, პირადად წარმართოს მოლაპარაკებები.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაპორტას სჯერა, რომ თუ მოლაპარაკებები სწორად წარიმართება, უილიამსი „ბლაუგრანას“ მაისურს მოირგებს.
ამასთანავე, როგორც Sport-ი წერს, ლაპორტა ფიქრობს, რომ თუ ნიკო ამ ზაფხულს „ბარსელონას“ არ შეუერთდება, ასეთი შანსი მას მეორედ აღარ მიეცემა.
რაც შეეხება ფინანსებს, Sport-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ „ბილბაოს“ გარემარბს 5-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 12 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც „ატლეტიკში“ მის ხელფასს აღემატება.
გარდა ამისა, „ბარსას“ ხელმძღვანელობამ უილიამსს აცნობა, რომ კლუბს შეუძლია, მის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხა, 62 მილიონი ევრო გადაიხადოს.
რამდენიმე დღის წინ ნიკო უილიამსი „ბილბაოს“ წინასასეზონო შეკრებას შეუერთდა, გულშემატკივრებს კი განუცხადა, რომ „მოუთმენლად ელის ახალი სეზონის დაწყებას“.