საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი: „ბაზაძეს 5 ქულა წაართვეს“
როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო ფარიკაობის სამყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ქართველი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ზაზა მჭედლიძე, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა აქვს ნამსაჯი. ივნისში კი, ანუ მას შემდეგ რაც 60 წელი შეუსრულდა, ასაკობრივი შეზღუდვის გამო, არბიტრის კარიერა დაასრულა. მჭედლიძემ Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძის ბოლო შეხვედრა, რომელმაც უდიდესი სკანდალი გამოიწვია, კიდევ ერთხელ გაიხსენა და პროფესიულ დონეზე გაარჩია.
რას ამბობს მჭედლიძე
ზუსტად და გადაჭრით ვერ გეტყვით, რომ ბაზაძეს მედალი წაართვეს, რადგან ეს შეხვედრა პრიზიორობისთვის ბრძოლა არ გახლდათ, მაგრამ სანდრო რომ არბიტრისგან დაიჩაგრა, თანაც ზედიზედ მეორე ოლიმპიურ თამაშებზე, ეს ფაქტია და ამას ვერსად გავექცევით.
ბოლო ქულაზე გეტყვით, როდესაც ანგარიში 14:14 იყო, ჩხლეტვა სანდრომ შეასრულა და ყველა ვარიანტში ქულა მას ეკუთვნოდა. წესებში გარკვევით წერია, რომ ქულის მინიჭების დროს უპირატესობა ეძლევა არა იმ სპორტსმენს, რომელიც საფარიკაო ბილიკის დისტანციას უფრო სწრაფად გადალახავს, არამედ იმას, ვინც საბრძოლო უპირატესობას მოიპოვებს და ვიმეორებ - ამ შემთხვევაში ჩხლეტვა სანდრომ შეასრულა.
ცოტა ხანი დავანებოთ თავი ბოლო ქულას და ყურადღება გავამახვილოთ 0:0-ზე პირველ ჩხლეტვას, რომელიც სანდროს ეკუთვნოდა და სრულიად უსამართლოდ მის ეგვიპტელ მეტოქეს ჩაუთვალეს. იცით, როდესაც სპორტსმენი ასეთ უსამართლობას თავიდანვე ხედავს, ფსიქოლოგოურად რთულია საკუთარი თავი განაწყო, ბაზაძემ კი ეს მოახერხა და ბრძოლაში დაბრუნდა. საერთო ჯამში მას 5 ქულა დააკლეს უსამართლოდ და ასეთ პირობებში რისი გაკეთება შეიძლებოდა?
იცით რა უთხრა დამკვირვებელმა კომისარმა სანდროს, როდესაც მან ერთ-ერთი ეპიზოდის გადამოწმება მოსთხოვა? შენ ვიდეო-გადამოწმების ლიმიტი ამოწურული გაქვს, ეს ოლიმპიური თამაშებია და არბიტრი ამ ეპიზოდის სანახავად ვერ მოიცლისო. მაშინ, როდესაც იგივე როდესაც ეგვიპტელმა მოითხოვა და ლიმიტი მასაც ამოწურული ჰქონდა, უარი არ ეთქვა და გადაუმოწმეს.
შეგახსენებთ, რომ არბიტრად მუშაობის შუალედში, რამდენიმე წლის წინ ზაზა მჭედლიძე საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ქართველმა მოფარიკავეებმა საერთაშორისო შეჯიბრებებზე არაერთ წარმატებას მიაღწიეს.