ოფიციალურად - ირაკლი იეგოიანი ვიტესის ფეხბურთელია
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ირაკლი იეგოიანი „ვიტესში“ გადავიდა. 20 წლის ნახევარმცველმა არნემულ კლუბთან გააფორმა ორწლიანი კონტრაქტი, შეთანხმების ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. ეგოიანი „ვიტესში“ 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
რას წერს „ვიტესის“ ვებგვერდი ეგოიანის შესახებ:
„ვიტესის“ ახალწვეული საქართველოში დაიბადა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად ნიდერლანდებში გადავიდა საცხოვრებლად. მისი ნიჭი პატარა ასაკიდანვე შეამჩნიეს და ირაკლიმ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები „აიაქსის“ აკადემიაში გადადგა. 2017 წელს ის ამსტერდამული კლუბიდან „ტვენტეს“ აკადემიაში გადავიდა, ახლა კი არნემში, ახალი გამოწვევებისთვის ემზადება.
ირაკლი იეგოიანი:
„ძალიან მიხარია, რომ გაურკვევლობის შემდეგ, ხელი მოვაწერე კონტრაქტს. დიდი პატივია ამ კლუბში თამაში, ახლა დადგა დრო, გამოცხადებული ნდობა გავამართლო. იმედი მაქვს, გამოვიყენებ შანსებს და გუნდს გამოვადგები“
ტრანსფერს გამოეხმაურა „ვიტესის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ტეო იანსენიც:
„პირველივე ვარჯიშიდან ირაკლიმ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ის მონდომებულია და სურს, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს, რაც კარგი ფეხბურთელებისთვის არია დამახასიათებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლის შეუძლია, კლუბისთვის საკვანძო მოთამაშედ იქცეს“.
მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ნიდერლანდებში აღზრდილი ცენტრალური ნახევარმცველი სამ შეხვედრაში ათამაშა (სამივე ცვლილებაზე). ასევე, მიმდინარე წლის მარტში თურქეთთან ამხანაგური შეხვედრისთვის გამოიძახა და მატჩის მიწურულს ჩართო თამაშში. იეგოიანს საქართველოს 16 და 18-წლამდე ნაკრებებშიც უთამაშია.
2️⃣0️⃣✍️ pic.twitter.com/zBT6qFNYUw
— Vitesse (@MijnVitesse) August 7, 2024