„კვარაცხელია მანჩესტერ სიტის სიაშია, მაგრამ...“ - იტალიური მედია ხვიჩას მომავალზე
ცნობილმა იტალიურმა სააგენტო Footballnews.it-მა საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია „მანჩესტერ სიტის“ დაუკავშირა და დაწერა, რომ ქალაქელები მას ხულიან ალვარესის შემცვლელად განიხილავენ.
გამოცემა ასევე წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისის კატეგორიული პოზიციის გათვალისწინებით, მიმდინარე ზაფხულში ტრანსფერის განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელია.
რა წერია სტატიაში:
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკომ“ ხულიან ალვარესთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და ტრანსფერი უახლოეს საათებში დაიხურება. ამის გათვალისინებით, პეპ გუარდიოლა არგენტინელის შემცვლელს ეძებს და რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი სახელი, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ უკავშირდება, „კრისტალ პალასის“ შემტევი, ეზეა, თუმცა, რომელსაც ინგლისური გუნდი 70 მილიონ ევროდ აფასებს.
ასევე, გუარდიოლას სიაში „რეალის“ შემტევი, როდრიგო გოეშია, რომელსაც მბაპეს მისვლის შემდეგ სავარაუდოდ, დიდი სათამაშო დრო აღარ მიეცემა. სიაში ასევე არის ხვიჩა კვარაცხელია, თუმცა, „ნაპოლიმ“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე პსჟ-ის 110 მილიონ ევროიანი შეთავაზება უარყო. ქართველი თავდამსხმელი აურელიო დე ლაურენტისისთვის შეუცვლელი ფიგურაა და ნეაპოლური კლუბიდან მისი გამოტაცება „მანჩესტერ სიტისთვისაც“ კი შეუძლებელი ამოცანა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. ქართველი შემტევის გუნდი 10 აგვისტოს, „კოპა იტალიას“ მატჩში „მოდენას“ დაუპირისპირდება, სერია A-ს პირველ მატჩს კი 18 აგვისტოს, სტუმრად „ვერონასთან“ გამართავს.