ლერი ხაბელოვი, თომას ბახი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ელგუჯა ბერიშვილი
Aa
Aa

დიდი აღიარება - ელგუჯა ბერიშვილს პიერ დე კუბერტენის მედალი გადაეცა

დღეს პარიზში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოფისში პიერ დე კუბერტენის მედლით დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი. მას ეს მნიშვნელოვანი ჯილდო გადასცა IOC-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, სპორტის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტმა ჯონ კოუტსმა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ IOC-ის წევრები, საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის სხვა მაღალჩინოსნები, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

ჯონ კოუტსმა ხაზი გაუსვა ოლიმპიზმის პოპულარიზაციის მნიშვნელობას და ამ საქმეში ელგუჯა ბერიშვილის მიერ შეტანილ გამორჩეულ წვლილს. მან მადლობა გადაუხადა ნომინანტს ოლიმპიურ მოძრაობაში მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის და ახალი წარმატებები უსურვა. კოუტსმა გამოარჩია ელგუჯა ბერიშვილის ნაყოფიერი საქმიანობა ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაციისთვის, ასევე სეოკ-ის ერთ- ერთ ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში. მან ნომინანტს გადასცა IOC- ის პრეზიდენტის, თომას ბახის გულთბილი მილოცვა მედლით დაჯილდოებასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ პიერ დე კუბერტენის მედლით ელგუჯა ბერიშვილის  დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილება შარშან მიიღო. ამასთან დაკავშირებით, IOC-ის  პრეზიდენტის თომას ბახის მიერ ლოზანიდან გამოგზავნილ მისალოც წერილში ნათქვამი იყო:

„ძვირფასო ბატონო ბერიშვილო.

დიდი სიამოვნებით გაცნობებთ, რომ IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ  თქვენ დაგაჯილდოვათ პიერ დე კუბერტენის მედლით ოლიმპიური მოძრაობის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

ნება მიბოძეთ, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და გულწრფელად მოგილოცოთ ეს ჯილდო. პატივისცემით, თომას ბახი“.

ფრანგი ბარონის,  პიერ დე კუბერტენის სახელობის მედალი IOC-მა  1997 წელს დააწესა.  ეს არის განსაკუთრებული სპეციალური ჯილდო, რომლითაც აღინიშნება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების მიერ  ოლიმპიური მოძრაობისა და ოლიმპიური სულისკვეთების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

დღემდე ეს მედალი ასამდე ლაურეატს გადაეცა, მათ შორის - ხუან ანტონიო სამარანჩს (IOC-ის  ყოფილი პრეზიდენტი), ემანუელ ზატოპეკს (მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში), ჰენრი კისინჯერს (აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი), რენიე III გრიმალდის (მონაკოს ყოფილი მმართველი პრინცი), კურტ ფულგერს (შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი), ჯოვანი ანელის (ფიატის ყოფილი პრეზიდენტი), ჟოაო აველანჟს (ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი) და სხვებს.

ელგუჯა ბერიშვილი ქართველთაგან პირველია, ვისაც პიერ დე კუბერტენის მედალი მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები