შეცვლის თუ არა დეშამს ანრი - FFF-ის ხელმძღვანელის კომენტარი
პარიზის ოლიმპიადაზე ტიერი ანრის მიერ გაწვრთნილი საფრანგეთის ნაკრების წარმატების ფონზე კვლავ გააქტიურდა საუბრები დიდიე დეშამის შეცვლისა და მის ნაცვლად ანრის დანიშვნის აუცილებლობაზე. ამ საკითხს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის (FFF) პრეზიდენტი ფილიპ დიალოც გამოეხმაურა.
რა თქვა დიალომ:
„მოდით, ნუ ვიჩქარებთ. როდესაც ტიერი ანრი [ახალგაზრდულ ნაკრებში] დავნიშნე, ზოგიერთებს ჰქონდა ეჭვი, იქიდან გამომდინარე, თუ რა შედეგები ჰქონდა ანრის წარსულში. მე მისი მჯეროდა და ის ამ ნდობას ამართლებს. ჯერ კიდევ წინ გვაქვს ბრძოლა ოქროს მედლებისთვის. ასევე, მომავალ წელს ევრო-2025 გველის. ეს გამოწვევები გვიდგას და მხოლოდ ამ მიმართულებით მიღწეული წარმატების შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი სხვა საკითხებზე“.
9 აგვისტოს ანრის მიერ გაწვრთნილი საფრანგეთის ნაკრები ოლიმპიადის ფინალში ესპანეთს შეხვდება და 40-წლიანი პაუზის შემდეგ ოლიმპიური ოქროს მოპოვებას შეეცდება. 1/4 ფინალში ფრანგებმა არგენტინის ნაკრები, 1/2 ფინალში კი ეგვიპტეს ნაკრები დაამარცხეს.