შოთა მიშველიძე ოლიმპიადაზე ტრავმის გამო მხოლოდ სიმბოლურ წონას დააფიქსირებს
ქართველი ძალოსანი შოთა მიშველიძე პარიზის ოლიმპიადაზე ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ გაავრცელა.
„დღეს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანთა ასპარეზობა იწყება. საქართველოს ნაკრებიდან ოლიმპიურ ფიცარნაგზე პირველი შოთა მიშველიძე (61 კგ.) წარდგება. ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის განცხადებით, ძალოსანს თავი ტრავმამ შეახსენა, რაც მიშველიძეს საკუთარი ძალების სრულყოფილად წარმოჩენაში ხელს შეუშლის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მიშველიძე პარიზის ოლიმპიადაზე სიმბოლურ წონას დააფიქსირებს და შემდეგ ჩაიხსნება ასპარეზობიდან. ძალოსანთა გამოსვლები თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება.
ავტორი: ედუარდ სააკიანი