Marca: ალვარესის სანაცვლოდ მიღებული ფული სიტიმ შესაძლოა კვარაზე დახარჯოს
ესპანური Marca-ს ცნობით, მადრიდის „ატლეტიკოში“ ხულიან ალვარესის გაყიდვიდან მიღებული ფული „მანჩესტერ სიტიმ“ შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად დახარჯოს.
ამ დროისთვის „ქალაქელების“ ერთადერთი ახალწვეული ბრაზილიელი სავინიოა და, როგორც ესპანური გამოცემა წერს, ალვარესის გაყიდვის შემდეგ „სიტის“ ექნება ბევრი ფული და გამოთავისუფლებული ადგილი შეტევით ხაზში. მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამ მხრივ „კრისტალ პალასის“ ფორვარდი ებერეჩი ეზეა. ინგლისელმა თავდამსხმელმა პრემიერლიგის გასულ სეზონში 11 გოლი გაიტანა და „კრისტალ პალასი“ მის სანაცვლოდ დაახლოებით 70 მილიონს ითხოვს.
ეზეს გარდა, „სიტი“ აკვირდება მადრიდის „რეალის“ შემტევს, როდრიგო გოეშს და „ნაპოლის“ ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას. ამ დრომდე როდრიგოს „რეალის“ დატოვების სურვილი არ გამოუთქვამს, ამიტომ ეს ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა მადრიდში მბაპეს გადაბარგების ფონზე ეს შეიძლება შეიცვალოს.
რაც შეეხება კვარაცხელიას, Marca წერს, რომ ამ შემთხვევაში „სიტი“ აწყდება კედელს აურელიო დე ლაურენტისის სახით. „ნაპოლის“ პრეზიდენტი ქართველი შემტევის სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტს ითხოვს, რაც, „სიტის“ აზრით, ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კვარას „პარტენოპეისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
თუმცა, როგორც ესპანური გამოცემა აღნიშნავს, ალვარესის გაყიდვიდან მიღებული ფულით პეპ გუარდიოლამ შესაძლოა სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული და ხმაურიანი ნაბიჯი გადადგას.