“ახალი გამოწვევა მსურდა“ - მიზეზები, რის გამოც ვარანმა კომო აირჩია
როგორც მოგეხსენებათ, მომავალ სეზონში რაფაელ ვარანი კომოში ითამაშებს. ფრანგი უკანახაზელის სერია ა-ს დებიუტანტში გადასვლა ბევრს გაუკვირდა. ეს ყველაფერი კი სესკ ფაბრეგასის დამსახურებაა.
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა იტალიურ მედიასთან საუბრისას გაამხილა, თუ როგორ დაარწმუნა ფაბრეგასმა გადაწყვეტილების მიღებაში.
ვარანი:
„პირველ რიგში ჩემი სიმპათია პროექტმა გამოიწვია. კომო საკმაოდ საინტერესო პროექტია. ჩემთვის კი ახალი გამოწვევაა დავეხმარო კლუბს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აღზევდა სერია ა-ში. ჩემი პირადი ამბიცია აქ ჩამოსვლა და ახალი გამოწვევის მიღება იყო. ცხადია, სესკი ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, მაგრამ ეს პირველ რიგში ახალი გამოწვევაა, ახალი ლიგა და რატომაც არა?!
ჩვენი საუბარი ძირითადად ფეხბურთს შეეხებოდა. მომეწონა მისი ფილოსოფია და სამწვრთნელო იდეები. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ბევრი საერთო შეხედულება გვაქვს. ფაბრეგასი არის ადამიანი, რომელსაც მოგება ძალიან უყვარს. ეს კი ყველაფერზე მეტყველებს. ვნახოთ როგორ დავიწყებთ სეზონს. ვეცდებით დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ.“
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კომომ სერია ბ-ში მეორე ადგილი დაიკავა და სერია ა-ს საგზური პლეი-ოფის გარეშე მოიპოვა. სესკ ფაბრეგასის გუნდმა 38 ჩატარებული მატჩიდან 21 მოიგო, 7 წააგო და 10 ფრედ დაასრულა.
ცნობისთვის, კომო სერია ა-ს იუვენტუსთან დაპირისპირებით იწყებს, რომელიც 19 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.