„ტირილი შეწყვიტე“ | უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილს უპასუხა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილს უპასუხა. Heavywgt MMA-სთვის მიცემულ ინტერვიუში, „მანქანამ“ განაცხადა, რომ უმარს UFC-ი მხოლოდ იმიტომ „ქაჩავს“, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია.
რუსი მებრძოლი დვალიშვილის სიტყვებს X-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა: „პიოტრ იანმა ქამრისთვის მე-6 გამარჯვების შემდეგ იბრძოლა. ომალიმ ქამრისთვის მეოთხე გამარჯვების შემდეგ იბრძოლა. შარშან, მერაბს შეეძლო, საჩემპიონო ქამრისთვის ალჯოსთან ეჩხუბა. ტირილი უნდა შეწყვიტო (დვალიშვილს მიმართავს). უბრალოდ შეშინებული ხარ, რადგან ყველაფერს წაგართმევ“.
ცნობისთვის, ნურმაგომედოვმა ბოლო ბრძოლა გასულ უქმეებზე გამართა და კორი სენდჰეგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ, უმარი Top 15-ში დაწინაურდა და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის თქმით, დვალიშვილისა და შონ ომალის სატიტულო ბრძოლის გამარჯვებული სწორედ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება.
დვალიშვილსა და ნურმაგომედოვს ერთმანეთი რამდენჯერმე გამოუწვევიათ და ჩხუბისთვის მზად არიან. მათი თქმით, ეს ბრძოლა „თეთრი ფაფახისა“ და „შავი ფაფახის“ დაპირისპირება იქნება.