ხელშეკრულება Rappi-სთან - ბარსელონა საკუთარ სამზარეულოს ხსნის
ბარსელონას, რომ ფინანსური პრობლემები აქვს ეს ახალი არავისთვის არის. იყო პერიოდი, როდესაც ბლაუგრანა კამპო ნოუს ქორწილებისთვის და სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის აქირავებდა.
დღეს კი კატალონიური კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება, რომ ბარსელონა კვების ბიზნესში ერთვება.
ლათინო ამერიკაში არსებობს კომპანია Rappi, რომელიც საკუთარ სამზარეულოს პროდუქციას მომხმარებლებს სახლში მიტანის სერვისით სთავაზობს. ბარსელონა კი სწორედ ამ კომპანიასთან კოლაბორაციით იმუშავებს.
მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ბარსელონას ექნება საკუთარი მენიუ, რომლის რეალიზებასაც Rappi უზრუნველყოფს.
ცნობილია ის ადგილები, სადაც პროდუქციის რეალიზება მოხდება. Rappi მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კვების კომპანიაა და მათ მექსიკის 7 ქალაქი აქვთ ათვისებული, მათ შორის მეხიკო, სადაც 9 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს. მეხიკოს გარდა, ბარსელონას სამზარეულო ფუნქციონირებას მონტერეიში, გვადალახარაში, ტოლუკაში, სალტილოში, პუებლაში და მერიდაში დაიწყებს.
ეს ყველაფერი არის Rappi-სა და ბარსელონას შორის პარტნიორული ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს უნიკალური, ინოვაციური გამოცდილების მიწოდებას ბარსას გულშემატკივრებისთვის, რათა დაამყაროს ავთენტური და გრძელვადიანი ემოციური კავშირი ლათინო ამერიკელ აუდიტორიასთან.
კატალონიურ გრანდში თვლიან, რომ ეს ყველაფერი ლათინო ამერიკაში დიდ კომერციულ ზრდას გამოიწვევს.