მერეტი შესაძლოა წავიდეს - კონტე ახალ მეკარეს არჩევს
ნეაპოლური მედიის ინფორმაციით, ალექს მერეტი ნაპოლის დატოვებას აპირებს. იტალიელ მეკარეს პარტენოპეისთან კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. აქედან გამომდინარე, ნაპოლის მისი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდვა აწყობს.
CalcioNapoli-ს ინფორმაციით, ანტონიო კონტე საქმის კურსშია და ახალი მეკარის ძიებაშია. მეტიც, იტალიელ სპეციალისტს რამდენიმე ვარიანტიც აქვს შერჩეული და გუნდის ხელმძღვანელობას მათი სახელები ამცნო, თუმცა ჯერჯერობით მედიისთვის მათი ვინაობა უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მერეტი ნაპოლიში 2019 წლიდან თამაშობს. 2019 წლიდან დღემდე, 27 წლის კარის დარაჯმა პარტენოპეის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 177-ჯერ მოირგო.
ასევე გეტყვით, დღეს ცნობილი გახდა, რომ ნაპოლიმ პოლიტიკა შეცვალა და რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე დაიწყო მუშაობა.
დღემდე ცნობილი იყო, რომ აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენის გაყიდვას ელოდებოდა, მაგრამ ნიგერიელის წასვლა საკმაოდ გაიწელა და პრეზიდენტს სხვა გზა აღარ დარჩა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ბოლო ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი მომავალ სეზონს ნაპოლიში გაატარებს.