კრისტიან ლაითი
Aa Aa

მისტერ საიმედო | მოკრივე, რომელიც 279 წაგებით ამაყობს

300 ბრძოლა პროფესიონალურ დონეზე. რინგზე გატარებული 1390 რაუნდი. 12 გამარჯვება, არც ერთი ნოკაუტით და 279 მარცხი. დიახ, სწორად წაიკითხეთ. მოკრივეს, რომელზეც დღეს გესაუბრებით, 279 წაგება აქვს. თუმცა, იცით, რით ამაყობს?! 279 მარცხიდან მხოლოდ 5-ჯერ დააფინიშეს! 5-ჯერ. როგორია რინგზე ამდენი რაუნდი გაატარო და ნოკაუტით ან ტექნიკური ნოკაუტით მხოლოდ 5-ჯერ წააგო. მართლა საამაყოა.

„გამოცდილებასთან ერთად სწავლობ, რა და როგორ უნდა გააკეთო. ხრიკების მთელი არსენალი მქონდა. მაგალითად, აკრძალულ არეში დარტყმა, რათა რამდენიმე წამი მომეგო. იყო მომენტები, როცა მეტოქეებს ველაპარაკებოდი და მათზე ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენას ვცდილობდი, რაც ზოგჯერ მეხმარებოდა და ისინი ისეთი სწრაფები ვეღარ იყვნენ ხოლმე“, - ამბობს ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი.

კრისტიან ლაითი განსაკუთრებული მოკრივეა, რომლის შესახებაც ალბათ არაფერი გსმენიათ. ამ ბიჭს, კარიერის განმავლობაში ყველანაირი მეტოქის წინააღმდეგ უჩხუბია. მისი მოწინააღმდეგეები იყვნენ ვუნდერკინდები, მეოცნებეები, პერსპექტიული სპორტსმენები, რომლებიც კრივს აღარ გაჰყვნენ, მოკრივეები, რომლებმაც ტიტულისთვის იჩხუბეს და ა.შ. ლაითს საჩემპიონო ქამარი არ მოუგია და არც სატიტულო ბრძოლასთან ყოფილა ახლოს, მაგრამ უჩხუბია ბიჭებთან, რომლებსაც მოგვიანებით, მსოფლიო, ევროპული და ბრიტანული კრივის საუკეთესო მოკრივეების სტატუსი ჰქონიათ.

„არ მენატრება... კრივი, ვარჯიში, ჩხუბი საერთოდ არ მენატრება... იცით, რა მენატრება? ფული... მენატრება ხალხი და ემოციები, რომლებიც ბრძოლების შემდეგ მეუფლებოდა. ამ ემოციებს დღემდე ვერაფრით ვანაცვლებ. ჩემს მეგობრებს მათზე ხშირად ველაპარაკები და მათთან ერთად, კრივს ტელევიზორში ვუყურებ, მაგრამ დაბრუნებაზე საუბარიც ზედმეტია“, - აცხადებს ლაითი, რომელმაც სიმბოლურად, კარიერა მესამასე ბრძოლის შემდეგ დაასრულა.

კრივის სამყაროში არსებობს ტერმინი - Journeyman-ი. Journeyman-ს უწოდებენ მოკრივეს, რომელსაც საჭირო უნარები აქვს, მაგრამ ისეთ დონეზე არაა, რომ საჩემპიონო ბრძოლა მიიღოს ან პერსპექტიულ სპორტსმენებს გადაულახავ ბარიერად გადაეღობოს. ის უბრალოდ მოგზაურია, რომელიც ხშირად, რინგზე წასაგებად გადის. ლაითი სწორედ მოკრივეთა ამ კატეგორიაში გადის. იცით, მისი მეტსახელი რა არის? კრისტიანს „მისტერ საიმედოს“ უწოდებენ. „მისტერ საიმედოს“, რადგან ლაითის ჩხუბამდე წინასწარ იცი, რა მოხდება.

„რა თქმა უნდა კრივის გადმოსახედიდან ხელმოცარული ვარ, მაგრამ როცა ჩემი ბიჭი გაიზრდება და ჰკითხავენ ჰქონდა თუ არა ბავშვობაში საჭმელი და ტანსაცმელი, ის თამამად უპასუხებს, რომ ჰქონდა. მე ჩემი ოჯახის შესანახად ურთულესი გზა ავირჩიე. წარმატებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ 300 ბრძოლაც ხომ მაგარი მიღწევაა. ძლიერი მოკრივეების წინააღმდეგ ვჩხუბობდი და როცა ჩემი ბიჭი გაიზრდება, მამამისით აუცილებლად იამაყებს“, - ამბობს ლაითი.

კრისტიან ლაითი პროფესიონალურ დონეზე 23 წლის ასაკში გადავიდა. არ გეგონოთ, რომ მანამდე გრძელი სამოყვარულო კარიერა ჰქონდა. მოყვარულის სტატუსით 2 წლის განმავლობაში ასპარეზობდა, სულ 10 ბრძოლა გამართა და ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში მთავარი როლი ისევ და ისევ ფინანსურმა საკითხმა ითამაშა.

„რატომ უნდა მეჩხუბა პლასტმასის თასებისთვის, როცა შემეძლო ფული მეშოვა? საშინელ სამსახურში ვმუშაობდი და კვირაში 120 გირვანქა სტერლინგს ვაკეთებდი. დედაჩემის სახლში ვცხოვრობდი და ფული საერთოდ არ გვქონდა, რის გამოც, ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია“.

როგორც ყველა სპორტსმენს, კარიერის სტარტზე კრისტიანსაც დიდი მიზნები ჰქონდა. მას ეგონა, რომ უმაღლეს მწვერვალს დაიპყრობდა და საჩემპიონო ქამარს შემოირტყამდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მის ოცნებას ასრულება არ ეწერა.

„მართლა მეგონა, რომ რაღაცის გაკეთება შემეძლო... ჩემპიონობა ან რამე მსგავსი... მეხუთე ჩხუბის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემპიონი ვერ გავხდებოდი. ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ Journeyman-ის სტატუსი მექნებოდა. კარიერის დიდმა ნაწილმა ისე გაიარა, საერთოდ არ ვიცოდი, ეს სიტყვა რას ნიშნავდა და ეს სტატუსი ჩემი სურვილით ნამდვილად არ დამისაკუთრებია.

Journeyman-ი არის მოკრივე, რომელიც ჩხუბისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს და ზუსტად ეს ვარ. მახსოვს, ერთხელ პაბში ვიყავი და ლუდის დალევა გადავწყვიტე. სასმელი მომიტანეს და რამდენიმე წამში ჩემი მენეჯერის სატელეფონო ზარიც გაისმა. მითხრა, პაბიდან გამოდი საღამოს ჩხუბი გაქვსო. რა უნდა მექნა?! გამოვედი და საღამოს ვიჩხუბე. ყოველთვის მზად უნდა იყო, რადგან ტელეფონმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაგირეკოს“.

ლაითზე საუბრისას ხშირად ამბობენ, რომ ბოლომდე არ იხარჯებოდა და მაქსიმუმს არ აკეთებდა, მაგრამ ასე არ ყოფილა. ასე რომ ყოფილიყო, დღეს დავწერდით მოკრივეზე, რომელსაც ფინიშით ბევრად მეტი ჩხუბი აქვს წაგებული. იცით, კიდევ რა იყო იმის მიზეზი, რომ ლაითი ყველაფერს აკეთებდა, რომ ფინიშით არ წაეგო? მაშინდელი წესებით, ფინიშით მარცხი ავტომატურად 28-დღიან სამედიცინო დისკვალიფიკაციას უდრიდა და ამის გამო, კრისტიანი 1 თვით შემოსავლის გარეშე დარჩებოდა, რაც მისთვის წარმოუდგენელი იყო...

„ჩემი კარიერის ფრეები და მინიმუმ 10 წაგება მსაჯების არასწორი გადაწყვეტილებების ბრალი იყო და ყველა ბრძოლა უნდა მომეგო. 300 ბრძოლა ისე ჩავატარე, რინგზე განზრახ წაგების სურვილით არასდროს გავსულვარ. ყველა ჩხუბში მაქსიმუმს ვაკეთებდი და თუ ჩემი მეტოქეები ჩემზე უკეთესები იყვნენ, ბრძოლისას ეს აშკარა ხდებოდა. არსებობს ღირსეული და არაღირსეული მარცხი. როცა ჩხუბისას კონკურენტუნარიანი ხარ, სიამოვნებას იღებ და საბოლოო გონგის ხმა გესმის, შეგიძლია თქვა, რომ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიე. როცა განოკაუტებენ, ყველაფერი სხვანაირადაა. თანაც, ნოკაუტის გამო, რამდენიმე თვე გეკრძალებოდა ბრძოლა და ფულს ვერ დავკარგავდი.

ვაღიარებ, თავიდან ვცდილობდი უბრალოდ ჩხუბი ბოლომდე მიმეყვანა და საფინალო გონგის ხმა გამეგო, მაგრამ ნელ-ნელა გავაანალიზე, რომ ტკივილის ატანა შემეძლო და სიმტკიცით გამოვირჩეოდი. გამოცდილების მიღებასთან ერთად, რაღაცები ვისწავლე და ძლიერი მეტოქე გავხდი.

მარცხის შემდეგ, ზოგჯერ სახლში მივდივარ და ჩემს თავს ვეკითხები - რას აკეთებ? წაგება, წაგება და ისევ წაგება! დეპრესია მაქვს, მაგრამ პარალელურად მახსენდება, რომ ჩემი პატარა ბიჭის სამკურნალო ხარჯებს, სახლის ქირას, იპოთეკას და გადასახადებს ვიხდი. ვერ დავიწუწუნებ. კრივი ჩემი სამსახურია. ხშირად მაკრიტიკებენ ამდენი წაგების გამო, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ ვერ იგებ. ამ ბავშვებს სისწრაფესა და ათლეტურობაში ვერ ავყვები, მაგრამ შემიძლია, ჩხუბი ბოლომდე მივიყვანო და კარგი 4 რაუნდი მივცე. ფულს იმაში მიხდიდნენ, რომ ჩემზე უკეთესი ბიჭების წინააღმდეგ მეჩხუბა და საბოლოოდ, კრივი ჩემს სამსახურად სწორედ ასე იქცა. კრიტიკას ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ. ვიცოდი, რომ მსოფლიო ჩემპიონი ვერასდროს გავხდებოდი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი მოკრივე ვიყავი“, - ამბობს ლაითი.

ლაითს ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს მან 7 დაუმარცხებელ მოკრივეს სძლია... მის კარიერაში ყველაზე სევდიანი ისაა, რომ თუ მოკრივის უკან ძლიერი და ცნობილი პრომოუტერი არ დგას, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად სერიოზულ ტალანტზეა საუბარი. როგორც კრისტიანი ამბობს, თუ ბილეთებს ვერ ყიდი, მის მსგავს გზაზე სიარული გარანტირებული გაქვს.

„ბიჭები სოციალურ ქსელებში ახლაც მწერენ და მეკითხებიან, ფული როგორ იშოვონ. მათი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად, სოლიდური ჰონორარი გამოიმუშაონ, რაც რთული არაა, მაგრამ რაღაცებზე უარის თქმა მოგიწევს. თუ გადაწყვეტილება საბოლოოა, შეგიძლია, ერთ ჩხუბში 1000 გირვანქა სტერლინგი გააკეთო. ოღონდ საამისოდ კარგი მენეჯერია საჭირო და ფორმაშიც უნდა იყო“, - აი, ესაა კრისტიან ლაითის დამოკიდებულება თანამედროვე კრივთან.

კრისტიან ლაითი კარიერის ბოლოს - 12 მოგება (არც ერთი ნოკაუტით), 279 წაგება (5 ნოკაუტით და 1 მხოლოდ ბოლო 210 ბრძოლაში) და 9 ფრე. 1390 რაუნდი ოქტაგონზე და მეტსახელი მისტერ საიმედო!

გაზიარება: