„ბუდუს მაგია“ | ზივზივაძის ორი ბურთი ტურის საუკეთესო გოლებში
გერმანიის ბუნდესლიგა ორმა პირველი ტურის ტოპ 5 გოლი დაასახელა. „კარლსრუეს“ ქართველმა ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ „ნიურნბერგის“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა და საუკეთესო 5 გოლში მისი ორი შედეგიანი დარტყმა მოხვდა.
„ბუდუს მაგია და მაზას გამოზომილი დარტყმა“, - ასეთია ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის სათაური. ზივზივაძის გარდა, ტოპ 5-ში ზემოთ ხსენებული იბრაჰიმ მაზა, დენის სრბენი და ტიმ როსმანი მოხვდნენ.
ცნობისთვის, „კარლსრუე“ „ნიურნბერგთან“ 0:2-ს აგებდა, რის შემდეგაც ქართველი თავდამსხმელის ჯერი დადგა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე, ზივზივაძემ ჩამორჩენა შეამცირა. 73-ე წუთზე, ბუდუმ წონასწორობა აღადგინა, 79-ზე კი გადამწყვეტი გოლი შეაგდო - 3:2.
ბუნდესლიგა ორის პირველი ტურის შემდეგ, „კარლსრუეს“ 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. ზივზივაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 აგვისტოს გამართავს. თბილისის დროით, 15:00-ზე, „კარლსრუე“ სტუმრად „დიუსელდორფს“ დაუპირისპირდება.