უილიამსების ისტორია - ნიკოს ბარსაში ტრანსფერს ინიაკი აფერხებს
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სადაც ესპანეთის ნაკრების ჩემპიონობაში ნიკო უილიამსმა უდიდესი როლი ითამაშა, „ბილბაოს“ 22 წლის ლიდერის „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერზე ძალიან ბევრი იწერება. ბოლო პერიოდში კი ინფორმაციების გავრცელება შესუსტდა, რაც თითქოს იმის წინაპირობაა, რომ უმცროსი-უილიამსი ბასკეთში რჩება და როგორც ჩანს მას ამაში ყველაზე მეტად უფროსი ძმა არწმუნებს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ნიკოს კატალონიაში გადაბარგება თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ რაც მას ინიაკი დაელაპარაკა, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. თავად ნიკო კომენტარს სავარაუდოდ 12 აგვისტოს გააკეთებს, როდესაც წინასასეზონო შეკრებაზე „ატლეტიკს“ შეუერთდება. თუმცა, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელები ჩქარობენ და მისი დამატება ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სურთ, რადგან უმცროსი-უილიამსის არსებულ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად სულ რაღაც 58 მილიონი ევრო წერია, რაც მისი კალიბრის ფეხბურთელისთვის, მართლაც დაბალი ღირებულებაა.
ნიკო უილიამსი „ბილბაოში“ 2021 წლიდან გამოდის და 122 შეხვედრაში მის ანგარიშზე 20 გოლია. რაც შეეხება ინიაკი უილიამსს, მან 2014 წლიდან მოყოლებული 421 შეხვედრაში 98 ბურთით გამოიჩინა თავი.