სიდნეიდან პარიზამდე - გურული ფალიანი-ჭანტურიას დუეტს შეუერთდა
ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწია ისეთ წარმატებას, რომელიც ქართულ კრივს და მის სამომავლო განვითარებას ჰაერივით სჭირდებოდა. 27 წლის მოკრივემ 24-წლიანი ნავსი გატეხა და ჩვენი ქვეყნის დელეგაციას სპორტის ამ სახეობაში მედალი მოუტანა. თავისი ბრწყინვალე გამოსვლითა და საბრძოლო სტილით ლაშამ თამასა იმდენად მაღლა ასწია, რომ მხოლოდ ბრინჯაოს პრიზიორობის გამო, გარკვეულწილად თავადაც დასწყდა გული, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბრძოლას ტრავმირებული ატარებდა, შეიძლება ითქვას, რომ გურულმა ამ მომენტში თავის მაქსიმუმს მიაღწია. მისი პროგრესი იმდენად თვალშისაცემია, რომ თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ მთავარი წარმატებები წინ აქვს.
გურულმა ოლიმპიადა მერვედფინალური ეტაპიდან დაიწყო და ჯერ დამაჯერებლად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა. ამის მერე კი ყაზახი ბაზარბაი მუჰამედსაბირი იოლად დაჯაბნა და უმაღლესი დონის კრივი აჩვენა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსთაველი თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს გამორჩეული მოკრივეა განსაკუთრებული სტილითა და იმ დამაჯერებლობით, რასაც რინგზე თითოეული შეხვედრისას აჩვენებს და ამის ფონზე მოწინააღმდეგებისთვის დაუძლეველ ბარიერად იქცა. ის 2021 და 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების ბრინჯაოს და 2022 და 2024 წლების ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. 2023 წელს ლაშა ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა და ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.
პარიზში ნაჩვენები შედეგით გურულმა ორი ქართველი მოკრივის, რამაზ ფალიანისა და ვლადიმერ ჭანტურიას მიღწევა გაიმეორა. ფალიანი 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე, გაერთიანებული გუნდის სახელით 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. მან ასპარეზობა პირველივე რაუნდიდან დაიწყო და ამერიკელი იულიან უელერი დიდი უპირატესობით დაამარცხა, რასაც ბრაზილიელ როჟერიო ბრიტოსთან და რუმინელ დანიელ დიმიტრესკუსთან მოგება მოჰყვა, რითაც ნახევარფინალამდე გააღწია და მედალი გაინაღდა, იქ კი მიუხედავად იმისა, რომ ესპანელ ფაუსტინო რეიესთან ღირსეულად იბრძოლა, მაინც დამარცხდა. ანალოგიურ შედეგს მიაღწია 2000 წლის სიდნეის თამაშებზე ვლადიმერ ჭანტურიამ, რომელმაც ტურნირი ეგვიპტელი მუსტაფა მაჰმუდის დამარცხებით დაიწყო, შემდეგ კი დაძაბულ ბრძოლაში უზბეკ რუსლან ჩაგაევთან გამარჯვებით ბრინჯაო გაინაღდა და ნახევარფინალში რუს სულთან იბრაგიმოვთან წააგო.
ლაშა გურულს 2024 წელს წინ მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს, სადაც ბუნებრივია ოქროს მედლის მოპოვების მთავარი კანდიდატი იქნება. მისი ხასიათიდან, შემართებიდან და მენტალობიდან გამომდინარე კი, ქართველ გულშემატკივარს აქვს ძალიან დიდი იმედი იმისა, რომ 2028 წელს ლოს-ანჯელესში ის უკვე ოლიმპიური ჩემპიონობისკენ გაიწევს.