რობერტ კობლიაშვილი
Aa
Aa

კობლიაშვილი იწყებს - რობერტი მედლების კომპლექტის შეკვრას გეგმავს

ხვალიდან პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე შეჯიბრება ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დაიწყება და ქართველებიდან პირველი ხალიჩაზე რობერტ კობლიაშვილი გავა. საჭიდაო ტურნირს ის დარბაზი უმასპინძლებს, სადაც ძიუდო ტარდებოდა. ეიფელის კოშკთან ახლოს, მარსის მოედანზე მდებარე გრან პალე ეფემერის დარბაზში გამარჯვებულები ექვს წონით კატეგორიაში უნდა გამოვლინდნენ.

97 კილოგრამ წონით კატეგორიას სამი მთავარი ფავორიტი ჰყავს - 25 წლის კუბელი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გაბრიელ როსილიო, სომხური და მსოფლიოს ჭიდაობის ლეგენდა, პლანეტის 4-გზის ჩემპიონი და რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული არტურ ალექსანიანი და 2021 წლის მსოფლიოს პირველობის ჩემპიონი ირანელი მოჰამედ სარავი. თითოეულ წონით კატეგორიაში 16 მონაწილეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონობისთვის ოთხი, ბრინჯაოს მედლის ასაღებად კი სამი, კარგ შემთხვევაში კი ორი ბრძოლის მოგებაც საკმარისი იქნება.

კობლიაშვილმა 2017 და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზე საპრიზო მესამე ადგილი ორ სხვადასხვა წონაში, 85 და 87 კილოგრამში ასპარეზობისას მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი 2018 წელს გახდა, ხოლო 2016 და 2022 წლებში შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიგო. 2023 წლიდან მან ქვემძიმე წონაში აინაცვლა და საქართველოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა და იტალიის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ კახელაშვილის, ნორვეგიელი ფელიქს ბალდოფისა და გერმანელი ლუკას ლაზონიანისის ძლევით ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

31 წლის გარდაბნელ მოჭიდავეს მედალი როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატზე აქვს მოგებული და პარიზში წარმატების შემთხვევაში, შეეცდება კომპლექტი შეკრას და პრიზიორი მესამე და ყველაზე მთავარ სპორტულ შეჯიბრებაზე, ოლიმპიადაზეც გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები