ქართველი სუმოისტების წარმატება - 2 ოქროს მედალი შოტლანდიაში
ქართველმა სუმოისტებმა წარმატებას მორიგ საერთაშორისო ტურნირზე მიაღწიეს. შოტლანდიაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე, სადაც 3 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა, საქართველოს დელეგაციამ ასპარეზობა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და უმნიშვნელოვანესი ტურნირის, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ჩინებული გენერალური რეპეტიცია გაიარა.
საუკეთესო შედეგი ზურაბ წიქორაძემ აჩვენა, რომელმაც +115 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა შეხვედრა თავის სასარგებლოდ დააასრულა, რის შემდეგაც აბსოლუტურ წონით კატეგორიაშიც მოსინჯა ძალები და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ოქროს მედალი მოიპოვა საბა გამთენაძემ (-115 კგ), რომელმაც ყველა ბრძოლაში დამჯერებლად გაიმარჯვა. რაც შეეხება ბადრი ხატისკაცს, ის აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ვერცხლის, ხოლო +115 კგ-ში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
შეგახსენებთ, რომ მაისში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ პრესტიჟულ შეჯიბრებაში ქართველმა სუმოისტებმა ასევე უმაღლესი დონის შედეგები აჩვენეს და ორ ოქროსთან ერთად, ერთი ვერცხლის მედალიც მოიპოვეს. სუმოს 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 5-დან 9 სექტემბრის ჩათვლით პოლონეთში ჩატარდება.