ბელინგემმა ანჩელოტის ზარს არ უპასუხა - შემდეგ კარლომ ვინისიუსს დაარეკინა
მადრიდის რეალის ბანაკში კომიკური სიტუაცია შეიქმნა. ესპანური მედიის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტიმ ჯუდ ბელინგემს დაურეკა და მან არ უპასუხა.
ამის შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა ინგლისელ ნახევარმცველთან დარეკვა ვინისიუს ჟუნიორს დაავალა. ჯუდმა კი ბრაზილიელის ზარს უპასუხა. ამის შესახებ, თავად ანჩელოტიმ განაცხადა:
კარლო:
„ბელინგემს დავურეკე და არ მიპასუხა. შემდეგ ამის გაკეთება ვინისიუსს ვთხოვე. მისი დარეკილი კი აიღო.“
ამ საკითხთან დაკავშირებით, Goal.Com-მაც დაწერა და გვამცნო, რომ თავდაპირველად იტალიელი მწვრთნელი გაბრაზდა, თუმცა შემდეგ თავადაც ბევრი იცინა.
ზოგადად, ცნობილია, რომ კარლო ანჩელოტი ფეხბურთელებთან ყოველთვის მეგობრულ დამოკიდებულებაშია და მისი წარმატების ერთ-ერთი გასაღები სწორედ ეს მიდგომაა.
აღნიშნული ფაქტი სწორედ ამის დადასტურებაა. არ არის გამორიცხული, რომ სხვა ნებისმიერ მწვრთნელს ასეთ ფაქტზე უარყოფითი რეაქცია ჰქონოდა და ფეხბურთელთან ურთიერთობა დაეძაბა. ეს კი შიდა სამზარეულოზე ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოიწვევდა.
შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემი ჯერ კიდევ შვებულებაშია, თუმცა ის გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება, რათა 14 აგვისტოს უეფა-ს სუპერ თასზე ატალანტასთან მატჩისთვის მზად იყოს.