„პირველ რაუნდში დავანოკაუტებთ“ | ომალის მწვრთნელი დვალიშვილთან ჩხუბზე
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი მომდევნო ჩხუბს საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს. „მანქანა“ შონ ომალის დაუპირისპირდება და „შუგას“ მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა დვალიშვილთან ჩანიშნულ ჩხუბზე ილაპარაკა. უელჩმა საკუთარი პროგნოზი გაგვიზიარა და ივარაუდა, რომ მერაბს პირველ რაუნდში დაანოკაუტებენ.
„შონ ომალისთვის სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ყველაზე სახიფათო მეტოქე ალჯამეინ სტერლინგი იყო და ყველამ ვნახეთ, რა მოხდა. მერაბი კი ამბობს, რომ დგომში დარჩება და ომალის სტრაიკინგში აჰყვება, მაგრამ მისი მიზანი სწრაფი თეიქდაუნის განხორციელება იქნება. განსხვავებული ბრძოლა გველოდება, რომელიც საინტერესო გამოწვევაა.
რა შეცდომას უშვებენ მერაბის მეტოქეები? ერთ ადგილას დგანან. არ მოძრაობენ, დისტანციას არ აკონტროლებენ და მას მიახლოების საშუალებას აძლევენ. დვალიშვილს ომალისნაირი მოწინააღმდეგე არასდროს ჰყოლია. მერაბისთვის თეიქდაუნების განხორციელება მარტივი იყო, ჩვენთან ასე არ იქნება.
როგორია ჩემი პროგნოზი? ყოველთვის ყველაზე ცუდისთვის ვემზადებით და გამონაკლისი არც ეს ბრძოლაა. 5-რაუნდიანი ჩხუბისთვის და თეიქდაუნის 100 მცდელობისთვის ვემზადებით. თუმცა, ფსონს რომ ვაკეთებდე, ომალის გამარჯვებაზე დავდებდი. მერაბი შეეცდება, თეიქდაუნი შეასრულოს, რა დროსაც შონი მას ნაწილებად დაშლის. ძლიერად მოარტყამს და ფსონს რომ ვაკეთებდე, ვივარაუდებდი, რომ ომალი პირველივე რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვებს“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ომალის ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა და მას ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“, 14 სექტემბერს (თბილისის დროით, 15 სექტემბერს) ვიხილავთ. ბუკმეკერები ფავორიტად „მანქანას“ ასახელებენ და ქართველ მებრძოლს მცირე უპირატესობა აძლევენ.