ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„სუპერ ქართველი“ | როგორ გამოეხმაურა BILD-ი ბუდუს თამაშს

ბუნდესლიგა 2-ის გახსნით ტურში, ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „ნიურნბერგს“ დაუპირისპირდა. ქართველმა ფეხბურთელმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და „კარლსრუემ“ მისი ჰეთ-თრიქით, 3:2 მოიგო.

ზივზივაძის ბრწყინვალე ასპარეზობას ბევრი ცნობილი გამოცემა გამოეხმაურა და ბუდუზე BILD-მაც დაწერა. „სუპერ ქართველმა კარლსრუე გადაარჩინა“, - ასეთია ავტორიტეტული გერმანული გამოცემის სტატიის სათაური და აი, რას წერს BILD-ი:

„ზაფხულში, ბუდუ ზივზივაძემ, საქართველოს ნაკრებთან ერთად, სენსაცია მოახდინა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დამარცხდა. ბუდუს წარმატებული სვლა გრძელდება. ბუნდესლიგა 2-ის პირველ ტურში, ზივზივაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა და თამაში პრაქტიკულად მარტომ შემოატრიალა“.

ცნობისთვის, „კარლსრუე“ 0:2-ს აგებდა, რის შემდეგაც, ბუდუმ თავისი სიტყვა თქვა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე, ზივზივაძემ ანგარიში 1:2 გახადა, 73-ე და 79-ე წუთებზე კი მეტოქის კარში კიდევ ორი გოლი გაიტანა. „კარლსრუეს“ მომდევნო შეხვედრა 10 აგვისტოს ელის. ბუდუ ზივზივაძის გუნდი თბილისის დროით 15:00 საათზე სტუმრად „დიუსელდორფს“ დაუპირისპირდება, რომელმაც პირველი მატჩი 2:0 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები