გურული: შევძელი და ჩვენს ქვეყანას ბრინჯაოს მედალი მოვუტანე
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოკრივე ლაშა გურული ნახევარფინალში კუბელ ერისლანდი ალავარეს ბორხესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 1/2-ფინალში მარცხის შემდეგ ქართველი მოკრივე CrystalSport-ს ესაუბრა.
„მიზანი ჩემპიონობა იყო, მაგრამ მიზანი დაისახო და ოლიმპიური თამაშები მოიგო, ეს ზღაპრებსა და ფილმებშია. შენი დღე უნდა იყოს, რაღაც სწორი ენერგია, ყველაფერი ერთდროულად. კრივი დიდი სპორტია.
დღევანდელ დღეს რაც შეეხება, რთული იყო, ¼-ფინალში წარბები დამიზიანდა, თუმცა მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიყავი მომართული. ვთვლი რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე. სპორტში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ. შენი მეტოქეც შენსავით მონდომებულია, ისიც ემზადება და მასაც სურს, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს და შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.
საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. შევძელი და ჩვენს ქვეყანას ნახევარფინალში სპორტსმენი ჰყავდა, საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოვუტანე’’.
ლაშამ პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა, 1/4 ფინალში - ყაზახი ბაზარბაი უულუ მუხამედსაბირი. 1/2-ფინალში კუბელი უპირატესობას ფლობდა და სამივე რაუნდი დამაჯერებლად მოიგო. ლაშამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც უკვე დიდი წარმატებაა.