დრამატული ფინალი ნოლეს ტრიუმფით - ჯოკოვიჩი ოლიმპიური ჩემპიონია
ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. 37 წლის ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა ფინალში მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი, ესპანელი კარლოს ალკარასი დაამარცხა და ისტორიაში პირველად შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა. მატჩი დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა და სერბმა ჩოგბურთელმა მეტოქე ორ სეტში დაამარცხა, თუმცა, ამისთვის დიდი ბრძოლა მოუწია. ორივე სეტში ტაი-ბრეიკის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც უფრო ძლიერი ნოვაკ ჯოკოვიჩი აღმოჩნდა.
„ნოლემ“ პირველი სეტის ტაი-ბრეიკი 7:3 მოიგო, მეორე სეტის ტაი-ბრეიკში კი ალკარასს 7:2 სძლია.
შესაბამისად, ჯოკოვიჩს ოქროს მედალი ერგო, ვერცხლის მედალი ალკარასმა დაისაკუთრა, ბრინჯაოს მედალს კი იტალიელი ლორენცო მუსეტი დაეუფლა.