„საქართველოს გარეთ ჩემი საუკეთესი თამაში იყო“ - ბუდუს კომენტარი ჰეთ-თრიკზე
გუშინ, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში, ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „ნიურნბერგს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
მასპინძლებს მხსნელად ქართველი ფორვარდი მოევლინათ. 31-ე წუთისთვის, „კარლსრუე“ 0:2 მარცხდებოდა, თუმცა, ბუდუს ჰეთთრიკის წყალობით თამაშის შემოტრიალება და გამარჯვება მოახერხა.
ზივზივაძემ პირველი ტაიმის მიწურულს სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 73-ე და 79-ე წუთებზე კი მეტოქის კარში კიდევ ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ მისმა გუნდმა 3:2 გაიმარჯვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა შემტევმა „კარლსრუეს“ არხს ემოციები გაუზიარა და თავისი თამაში შეაფასა.
რა თქვა ბუდუმ:
„საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის პერიოდში ეს ჩემი საუკეთესო თამაში იყო. მინდა, სეზონის პირველ ეტაპზე უფრო მეტი გოლი გავიტანო, ვიდრე ბოლოში. სეზონის დასაწყისში ასეთი სტარტი შესანიშნავია. ბიჭების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ერთად ვთამაშობთ და გუნდური სულისკვეთება გვაქვს“.
ჩემი მომავალი? ამჟამად ასეთი სიტუაციაა, რომ ვრჩები. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, რადგან ყველას ვუყვარვარ, ეს ძალიან მაბედნიერებს.
„კარლსრუეს“ მომდევნო შეხვედრა 10 აგვისტოს ელის. ბუდუ ზივზივაძის გუნდი საქართველოს დროით 15:00 საათზე სტუმრად „დუსელდორფს“ დაუპირისპირდება.