ქიაფაზიდან ზირაში - პაპუნაშვილი აზერბაიჯანში დარჩა
გიორგი პაპუნაშვილი მომდევნო სეზონსაც აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატში გაატარებს. 28 წლის ნახევარმცველმა „ქიაფაზი“ დატოვა და 1+1 სისტემის კონტრაქტი „ზირასთან“ გააფორმა, სადაც ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი დავით ვოლკოვი „საბაჰიდან“ გადავიდა. პაპუნაშვილის ახალ გუნდს 42 წლის აზერბაიჯანელი სპეციალისტი რაშად სადიქოვი ამზადებს და გიორგის დებიუტი შეიძლება დღეს შედგეს - წლევანდელი გათამაშების პირველ ტურში „ზირა“ „საბაილს“ უმასპინძლებს.
პაპუნაშვილი წლების განმავლობაში ესპანეთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის, „სარაგოსას“ წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ და სეგუნდადივიზიონში უმაღლეს დონეზე გამოდიოდა, თუმცა ტრავმამ, რომელმაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გამოატოვებინა, ფორმიდან ამოაგდო და მისი კარიერული რეგრესიც მეტწილად ამ ფაქტორმა გამოიწვია.
არაგონული გუნდის გარდა, პაპუნაშვილს სხვადასხვა დროს თბილისის „დინამოში“, ბრემენის „ვერდერში“, სანტანდერის „რასინგში“, ლიმასოლის „აპოლონში“, ქუთაისის „ტორპედოში“, სერბეთის „რადნიჩკი ნიშიში“, „სამტრედიაში“, „თელავსა“ და „ქიაფაზში“ უთამაშია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 17 მატჩიდან კი 13 შემთხვევაში ცვლილებაზე ჩაერთო თამაშში, თუმცა 3 გოლის გატანა მაინც მოასწრო.