ლიდერმა ქულები დაკარგა - დილამ მეორე წრე მძიმედ დაიწყო
Crystalbet ეროვნული ლიგის პირველი წრე გორის „დილამ“ ლიდერის რანგში დაასრულა, თუმცა მეორე წრის დასაწყიდანვე კარგად ჩანს, რომ მწვრთნელშეცვლილ და დასუსტებულ გორის გუნდს პოზიციების შენარჩუნება გაუჭირდება. ახალი დამრიგებლის, ფრანსისკუ კაშტრუს ხელმძღვანელობით „დილამ“ ჩემპიონატში პირველად დღეს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „გაგრასთან“ ითამაშა და მატჩი გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა.
შეხვედრის ყველაზე სახიფათო მომენტი მასპინძლებს არბიტრის საფინალო სასტვენამდე ხუთი წუთით ადრე შეექმნათ, მაგრამ აბუბაქარ კონტეს კარგი გადაცემა იბრაჰიმა დრამემ ვერ გამოიყენა და მისი არცთუ ძლიერი დარტყმა სტუმართა მეკარე ვორობეიმ მოიგერია. მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ გორელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში მათ სიზუსტე არ ყოფნიდათ.
„დილა“ 40 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ „ტორპედოს“ 5 ქულით უსწრებს, თუმცა ქუთაისელებს მატჩით ნაკლები აქვთ გამართული და თუ ორშაბათს, „შენგელია არენაზე“ იმერეთის დერბიში „სამტრედიას“ დაამარცხებენ, სხვაობას ორ ქულამდე შეამცირებენ. აქვე გეტყვით, რომ ეს მატჩი გორში მაყურებლის გარეშე ტარდებოდა, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „დილა“ „დინამო თბილისთან“ მომხდარი ინციდენტების გამო დასაჯა.